სომხეთის ხელისუფლება ბიზნესს „ნულიდან“ დაწყებაში დაეხმარება
სომხეთის ხელისუფლება ბანკებს გარანტიას მისცემს საინტერესო და პერსპექტიული იდეების მქონე დამწყები ბიზნესებისთვის კრედიტების მისაცემად.
ეს უკვე მეცხრამეტე ანტიკრიზისული პროგრამაა, რომელიც კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრას უკავშირდება.
- ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს პიკი არ არის. რა ხდება სომხეთში?
- სომხეთი: „ფასეულობებისთვის“ მებრძოლები ბავშვების დაცვას ხელს ვეღარ შეუშლიან
ვინ და რას მიიღებს
დამწყები ბიზნესმენებისთვის კრედიტის მაქსიმალური თანხა 10 მილიონი დრამია (20 ათასი დოლარი).
„ის კომპანიები კი, რომლებიც ინოვაციური გზით გადაწყვეტენ თავიანთი უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას, შეძლებენ 20 მილიონი დრამის (40 ათასი დოლარის) ოდენობის კრედიტით სარგებლობას“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ტიგრან ხაჩატრიანმა.
მინისტრის თქმით, ამ პროგრამის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დამწყები ბიზნესმენები, რომლებიც საქმეში დაამტკიცებენ საკუთარი პროექტების წარმატებასა და სიცოცხლისუნარიანობას, ბიზნესის განვითარების შემდეგ ეტაპზე უფრო დიდ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ სახელმწიფოსგან.
პროგრამის პოტენციური მონაწილეებისთვის ერთ-ერთი პირობა – კარგი საკრედიტო და საგადასახადო ისტორიაა.
კრედიტის პროცენტი 7-დან 10-მდეა. თუმცა, დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ სესხის ძირი თანხა გადაიხადონ – პროცენტის გარეშე.
ამ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით, პირველ რიგში, სარგებლობას შეძლებენ მომსახურებისა და გადამამუშავებელი წარმოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.
„ჩვენი დახმარება ძირითადად მიმართულია ერევნის გარეთ განხორციელებულ საქმიანობებზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, როგორც წესი, დამწყები ბიზნესებისთვის ფინანსური სახსრების მოპოვება სწორედ ერევნის გარეთ არის რთული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მან ის სფეროებიც დაასახელა, რომელი მიმართულებითაც ხელისუფლება ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებას არ გეგმავს. ეს არის ფინანსური და სათამაშო სფერო, ასევე, საცალო ვაჭრობა.
კიდევ რა ანტიკრიზისული პროგრამები არსებობს
ადრე შემუშავდა 18 სხვა პროგრამა. შვიდი მათგანი ეკონომიკური მიმართულებისაა და ითვალისწინებს ისეთი სფეროების დახმარებას, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი, მიკრობიზნესი, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11 პროგრამა გათვალისწინებულია ყველაზე მეტად მოწყვლად სოციალურ ჯგუფებზე, არასრულწლოვანთა მშობლებზე, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგეს.
ექსპერტები ეკონომიკური პროგრამების ნაწილს აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ უნდა გათვალოს, თუ რა სარგებელი შეუძლია მოიტანოს ამა თუ იმ ღონისძიებამ მშპ-ის ფორმირებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოყოს ეკონომიკის სფეროები, რომელთაც ფინანსურად დაეხმარება. და ახლა პროგრამები არასაკმარისად ეფექტურია სწორედ იმიტომ, რომ არ იყო ბოლომდე გათვლილი.
თავად პრემიერ-მინისტრი, საერთო ჯამში, ანტიკრიზისული პროგრამებით კმაყოფილია. თავის ბოლო პრესკონფერენციაზე, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:
„ამ პროგრამების ფარგლებში, 16 მაისის მონაცემებით, განაწილდა 84.4 მილიარდი დრამი (დაახლოებით, 175 მილიონი დოლარი), რომლითაც ისარგებლა 48.4 ათასმა იურიდიულმა და 1.1 მილიონმა ფიზიკურმა პირმა“.