"საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადიან" — კობახიძემ ბრიფინგი ამჯერად ჩინეთზე სასაუბროდ გამართა
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის 9 ივნისს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ქვეყანას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წელს, საქართველო პეკინთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს. მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩისგან კონკრეტული გზავნილები მოვისმინეთ: უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, სავაჭრო და ეკონომიკური სარგებელი. ელჩის განმარტებით, მხარეებს შორის უკვე არსებული ურთიერთობის ამ ეფექტს, მეტი ინვესტიცია და უფრო მჭიდრო კოორდინაცია ემატება.
მისი შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საგრძნობლად გაღრმავდა, რაც გამოიხატა სავაჭრო ბრუნვის ზრდაში, ახალი საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმებაში, სატრანსპორტო და ტურისტული კავშირების გაფართოებასა და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებაში.
კობახიძემ განაცხადა, რომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა “ძალზე დინამიურად“ განვითარდა. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ და ჩინეთმა 14 საერთაშორისო შეთანხმება გააფორმეს, ხოლო კიდევ ექვსი დოკუმენტი განხილვის საბოლოო ეტაპზეა.
პრემიერის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხუთი მინისტრი. მისი თქმით, თითოეული ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული.
კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მისი თქმით, 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 17 პროცენტით გაიზარდა: 2025 წელს 21 პროცენტით, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ზრდამ 45 პროცენტი შეადგინა.
მისი ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის საერთო ვაჭრობის მოცულობით მესამე ადგილზეა, ხოლო ქართული წარმოების ექსპორტის მიმართულებით – მეორეზე. პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული ქართული პროდუქციის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ გაიზარდა.
კობახიძის თქმით, გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას, ხოლო სატრანსპორტო თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით. მისი განცხადებით, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ტურიზმზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა და მგზავრთნაკადი. მისი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83 პროცენტით გაიზარდა, 2025 წელს – 44 პროცენტით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში – 49 პროცენტით.
მისივე თქმით, საქართველოს ბაზარზე უკვე სამი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. Air China-ს მიერ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულების დამატების შემდეგ, ივლისიდან ანალოგიური რეისების შესრულებას China Southern დაიწყებს, ხოლო 15 ივლისიდან China Eastern შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.
კობახიძემ საგანმანათლებლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მემორანდუმის მომზადება, რომელიც ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის გაცვლითი პროგრამების, ახალგაზრდული პროექტებისა და ჩინური ენის სწავლების გაფართოებას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ჩინეთთან პარტნიორობა “არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე“ და უკვე აისახება ორივე ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებსა და სარგებელზე. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს თანასწორ პარტნიორად აღიქვამს, რაც, კობახიძის შეფასებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე საერთაშორისო გარემოში.
ბრიფინგზე მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საფუძველს ჩაუყრის ქართულ-ჩინური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, ასევე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, ჩინეთის პრემიერ-მინისტრსა და სხვა ჩინელ პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობითაც, მისი თქმით, შესაძლებელი გახდა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა.
გააქტიურება კონგრესის მიღებული აქტის შემდეგ
ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობას გააქტიურბა მოხდა იმ ფონზე, როცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეფასებას ისახავს მიზნად.
“კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებებთან კოორდინაციით, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში.
დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობას, მათ შესაძლო თანამშრომლობასა და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებში გავლენის მოპოვების მცდელობებს შეეხება.
კანონპროექტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს შეიმუშაოს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგია. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობა, ამერიკული ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობა და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო.
სტრატეგიაში ასევე უნდა განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გაგრძელება და მომავალში მსგავსი თანამშრომლობისთვის რესურსების გამოყოფა.