ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს პიკი არ არის. რა ხდება სომხეთში?
ერთი კვირის განმავლობაში სომხეთში ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად გადაიტვირთება, რის შემდეგაც შეფერხებები დაიწყება, ექიმები ავადმყოფთა გაზრდილ ნაკადს ვერ გაუმკლავდებიან და კლინიკები პაციენტების პრიორიტიზებას დაიწყებენ – ანუ იმათ გამორჩევას, თუ ვის უმკურნალებენ და ვის არა.
ამის შესახებ წერს ბლოგ “სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გეოგრაფია”-ს ავტორი ინტერნეტ გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ვებგვერდზე.
მისი პროგნოზით, რომელიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შესახებ მონაცემების ანალიზს ეფუძებნა, გაზრდილი დატვირთვის გამო, სომხეთში საავადმყოფოების საწოლების მთელი ფონდის რეანიმაციისთვის გადაცემა მოუწევთ კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის. ეს საავადმყოფოებში ინფექციის აფეთქებას და სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს.
- ერევანი კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება. ვიდეო
- ფაშინიანი: თუკი კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეს ვერ შევცვლით, მალე 20 ათასი ინფიცირებული გვეყოლება
- კორონავირუსის უცნაური სტატისტიკა რუსეთში: კარგი მედიცინა თუ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი?
25 მაისს სომხეთში კორონავირუსის რეკორდული სტატისტიკა დაფიქსირდა: დღე-ღამეში ექვსი დაღუპული და ინფიცირების 452 ახალი შემთხვევა. ეპიდემიის დაწყებიდან 87 ადამიანი გარდაიცვალა, 7 113 დაინფიცირდა, 3 145 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.
ავტორი სომხეთში არსებულ ვითარებას 22 მაისის დღის ბოლოს მონაცემებზე დაყრდნობიბთ აანალიზებს. მისი შეფასებით, ქვეყანაში 18.2 ათასი ინფიცირებულია (ეს ბევრად მეტია ოფიციალურად დარეგისტრირებულთა რიცხვთან შედარებით), ხოლო 25 მაისს დღის ბოლოს ეს რიცხვი 25.3 ათასს მიაღწევს. ეს რიცხვი დღეში დაახლოებით 12.5% -ით იზრდება (რაც კორონავირუსის გავრცელების ბუნებრივ მაჩვენებელთან ახლოსაა).
”ეს ნიშნავს, რომ კატასტროფა უკვე მოხდა, მაგრამ საზოგადოებამ ჯერ არ იცის ამის შესახებ,” – წერს ავტორი.
”ჩავარდნილმა კარანტინმა განაპირობა ინფიცირების შემთხვევების ექსპონენციალური ზრდა, არ შეუწყო ხელი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, მაგრამ ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა, რასაც ერთ კვირაში დავინახავთ.
ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია მკაცრი საკარანტინო ზომების სასწრაფოდ შემოღება, რათა თავიდან იქნას აცილებული შედეგების ესკალაცია და იტალიური სცენარი, რომელიც სულ უფრო რეალისტურად გამოიყურება და საბოლოოდ რეალობად ივნისის ბოლოს იქცევა,” – აღნიშნავს ბლოგის ავტორი.
რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სომხეთის ხელისუფლება 16 მარტს დაწესებულ შეზღუდვებს თანდათანობით აუქმებს; 18 მაისს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა, ხოლო 20 მაისიდან – საბავშვო ბაღების მუშაობა.
მოიხსნა შეზღუდვები გადაადგილებაზე და თითქმის ყველა ბიზნესი გაიხსნა: საწარმოები, მაღაზიები, სილამაზის სალონები და მუზეუმები.