"საქართველო არც რუსეთის და არც ირანის დასაყრდენი არ არის" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას პასუხობს
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას პასუხობს
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “ოპოზიციური” ალიანსის წარმომადგენლები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან და საზოგადოებაში ისეთი ნარატივების გავრცელებას უწყობენ ხელს, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს. მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მცდელობა, საქართველო რეგიონში რუსეთისა და ირანის მოკავშირედ წარმოაჩინონ, რასაც იგი “რეალობას აცდენილ“ შეფასებად მიიჩნევს.
პაპუაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციური ლიდერების, გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის ბოლო განცხადებები გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ისინი აშშ-ის გაზრდილ ინტერესზე საუბრისას ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ ამერიკის ინტერესების მომსახურება უნდა იყოს.
9 ივნისს “ოპოზიციის ალიანსმა” საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთზე, ირანსა და ჩინეთზე არასწორი ფსონი გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის განვითარების მიმართულებას, ხელისუფლების არჩევანსა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქართველი ხალხი განსაზღვრავს. მისი თქმით, ამ პრინციპის ჩანაცვლება ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით ვერ მოხერხდება.
პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა ისეთი პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც, ქვეყნის შიგნით დემოკრატიული კონკურენციის ფარგლებს სცდება და საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად იქცევა.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შეფასებებზე, რომლებიც საქართველოს რუსეთთან და ირანთან აკავშირებს. პაპუაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, რაც, მისი განცხადებით, ნათლად ასახავს არსებული ურთიერთობების ხასიათს.
ირანთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, თბილისისა და თეირანის ურთიერთობები პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დონეზე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ კავშირებს, რომლებიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს.
მისი თქმით, მსგავსი ნარატივების მიზანი საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების შექმნა და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებაა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ პარტნიორობის დისკრედიტაციის მცდელობაც. მისი შეფასებით, ნებისმიერი საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიუღებლად შეაფასა ის, რასაც “უცხო ძალების ინტერესების გატარებას“ უწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, რადგან დაუშვებელია საქართველოს ინტერესების დაზიანება ნებისმიერი სახელმწიფოს სახელით, მათ შორის აშშ-ის.
ბრიფინგის დასასრულს პაპუაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. პაპუაშვილის თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნული ინტერესების თანხვედრას და არა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ინტერესების მომსახურებას, რაც, მისივე განცხადებით, სუვერენიტეტის არსს წარმოადგენს.