საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება
გაზიარება
გაზიარება
ფიქციური ქორწინება
საქართველოს შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.
წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა დაეკისროს საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ორიდან ათ წლამდე ვადით. ალტერნატიულ სასჯელად განიხილება ჯარიმა, შინაპატიმრობა ერთიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე აყალიბებს ბინადრობის ნებართვის ახალ კატეგორიას – საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვას, რომელიც მუდმივი ბინადრობის მიღებამდე გარდამავალ ეტაპად განიხილება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტიპის ნებართვის გაცემამდე სავალდებულო გახდება ქორწინების ნამდვილობის შემოწმება, რისთვისაც სპეციალური კომისია შეიქმნება.
ცვლილებები შეეხება უცხოელ მსჯავრდებულებსაც: გათვალისწინებულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის შესაძლებლობა საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში ხელახალი შემოსვლის აკრძალვით, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
პაკეტი ასევე აფართოებს მიგრაციის კონტროლის მექანიზმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება, რაც, უწყების შეფასებით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტიანს გახდის.
ცვლილებები ეხება სასამართლო პროცესუალურ ნაწილსაც: მცირდება გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმეთა განხილვის დაჩქარებული პროცედურები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით არის მომზადებული, მიზნად ისახავს მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას და საქართველოში უცხოელთა ყოფნის რეგულირების უფრო “ეფექტიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო“ სისტემის შექმნას.