აშშ-ის კონგრესმა საქართველოში რუსულ-ჩინურ გავლენებზე აქტს მხარი დაუჭირა
საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეფასებას ისახავს მიზნად.
“კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებებთან კოორდინაციით, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში.
კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატამ ხმოვანი კენჭისყრით დაამტკიცა, რაც მიუთითებს, რომ მას საკანონმდებლო ორგანოში ფართო მხარდაჭერა ჰქონდა.
რას გულისხმობს დოკუმენტი
დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობას, მათ შესაძლო თანამშრომლობასა და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებში გავლენის მოპოვების მცდელობებს შეეხება.

კანონპროექტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს შეიმუშაოს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგია. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობა, ამერიკული ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობა და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო.
სტრატეგიაში ასევე უნდა განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გაგრძელება და მომავალში მსგავსი თანამშრომლობისთვის რესურსების გამოყოფა.
ჯო უილსონმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტზე კენჭისყრის დროს განაცხადა:
“ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმი, ქართველი ხალხის სურვილებისა და აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე გაყიდვის პროცესშია. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთან, ისინი ავრცელებენ ანტიამერიკულ პროპაგანდასა და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ პრეზიდენტ ტრამპს – მას “დიფ სთეითის აგენტობაში” სდებენ ბრალს.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაფასებული სტუმარი იყო და თბილისში ყოველდღიურად დემონსტრაციებია, სადაც ხალხს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტერები უჭირავს, და აშშ-სა და პრეზიდენტ ტრამპისადმი სიყვარულს გამოხატავენ.
“ქართული ოცნების” მარიონეტულმა პრემიერმინისტრმა გასულ კვირას ჩვენს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ტყუილების თქმაში დასდო ბრალი. ამ გარიყული რეჟიმის საქციელი საფრთხეს უქმნის ყოველივე იმას, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს.
“ქართული ოცნების” კოშმარის რეჟიმმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, უნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ამერიკულ ბიზნესებს ახრჩობენ, და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების დევნა.”
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა განაცხადა:
“ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის სტატუსთან და აშშ-ს მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით. 2008-ში შეჭრის შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე აქვს ოკუპირებული.
სამხედრო კუთხით რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საქართველოში დიდი ხნის რუსულ გავლენებთდან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შემაშფოთებელია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. ბოლო წლებში ამან გამოიწვია აშშ-ს კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმის შერჩევა მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში.
კონკურენცია კარგია, მაგრამ როცა საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რისკებს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ.”