საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, 2026 - მთავარი მოვლენები Live რეჟიმში. ფოტო და ვიდეო
-
ყველა უბანი დათვლილია. ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ - 49.81%
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა, 2005-ვე საარჩევნო უბნის შედეგი დაითვალა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია:• „სამოქალაქო კონტრაქტი“ (პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია) – 49.81% (727 160 ხმა)
• „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი – 23.29% (340 062 ხმა)
• „სომხეთის“ ბლოკი – 9.94% (145 097 ხმა)
• „აყვავებული სომხეთის“ პარტია – 4% (58 368 ხმა) -
ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტია - 50.04%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 2005 საარჩევნო უბნიდან, დაამუშავებულია 1924 უბნის მონაცემი, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 95.9%-ს შეადგენს. ამ დროისთვის შედეგები ასეთია:
▪️„სამოქალაქო შეთანხმება“ (პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია) – 50.04%
▪️ „ძლიერი სომხეთი“ (სამველ კარაპეტიანი) – 23.33%
▪️ ალიანსი „სომხეთი“ (ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი) – 9.85%
▪️ „აყვავებული სომხეთი“ (გაგიკ ცარუკიანი) – 3.98%
-
ფაშინიანის ღამის პრესკონფერენცია და გამარჯვების გამოცხადება
ღამის 02:00 საათზე ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენცია გამართა და გამარჯვება გამოაცხადა. მან განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, “სამოქალაქო შეთანხმების” პარტია მარტო ჩამოაყალიბებს მთავრობას. მისი თქმით, ეს უკვე ფაქტია, გაურკვეველია მხოლოდ, ზუსტად რამდენ ადგილს მიიღებს პარტია პარლამენტში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო ინფორმაციით, 362 საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე დამუშავებულია. ამ დროის მონაცემებით, “სამოქალაქო შეთანმხმებამ” მიიღო ხმების 54.58%, “ძლიერმა სომხეთმა” 21.98%, ალიანსმა “სომხეთი” 8.79% და “აყვავებულმა სომხეთმა” 5.19%.
-
ხმის მიცემა დასრულდა. დაიწყო ხმების დათვლა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა საღამოს 20:00 საათზე დასრულდა.
დაიხურა ქვეყნის მასშტაბით ყველა, 2005 -ვე საარჩევნო უბანი. მათ შორის ცხრა უბანი, რომლებიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფუნქციონირებდა.
დაიწყო ხმების დათვლა.
ერევანში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კარი იკეტება. ფოტო: JAMnews
საარჩევნო კომისია ხმების დასათვლელად ემზადება. ფოტო: JAMnews -
რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა
რადიო „აზატუტიუნის“ (თავისუფლების) ცნობით, ელექტროენერგია გაითიშა # 17/37, #18/6, #18/14, #18/32, #18/54, #18/79 და #11/8 საარჩევნო უბნებზე. ეს უბნები არაგაცოტნის რეგიონში მდებარეობს.
გათიშვამდე რამდენიმე საათით ადრე, “დამოუკიდებელი დამკვირვებლების” მისიის წარმომადგენელმა დანიელ იოანიანსიანმა განაცხადა, რომ მათ იმ საღამოს ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის შესახებ გაფრთხილებები მიიღეს.
„ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მოქმედების მკაფიო გეგმა. ეს არ არის 1996 წელი, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ყველა სიბნელეში სანთლის შუქზე დადიოდა. ყველას აქვს ტელეფონები, ტელეფონებს აქვს ფანრები და კამერებიც გააგრძელებენ მუშაობას. კამერები დაკავშირებულია UPS-თან და გააგრძელებენ მიმდინარე მოვლენების გადაღებას და გადაცემას“, – აღნიშნა მან.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ ENA-ს წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ ყველა ქვესადგური მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
-
გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის სქემა, რომელშიც პარტია „ძლიერი სომხეთი“ მონაწილეობდა
ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, კომიტეტისა და კოტაიკის რეგიონალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამომრჩევლის მოსყიდვის კრიმინალური სქემა გამოავლინეს:
„კომიტეტმა მიიღო ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ პარტია „ძლიერი სომხეთის“ მიერ, ჩარენცავანში (კოტაიკის რეგიონი) რეგიონული ოფისის პასუხისმგებელ პირებად დანიშნულმა პირებმა, ამ პოლიტიკური პარტიის რეგისტრირებულ პარლამენტის კანდიდატთან და მის მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად, 45 ამომრჩეველს 7,5 მილიონი დრამი [20,500 დოლარი] გადაუხადეს”.
კომიტეტის ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია შვიდი პირი.
-
„ვინც გადატრიალებას გეგმავს, დაე, თავით კედელს შეასკდნენ" - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ თუ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, მათი შედეგების არაღიარება ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისთვის გამოწვევა იქნება.
პოსტსაარჩევნო არეულობის შესაძლო სცენარებზე დასმულ კითხვაზე მინისტრმა აღნიშნა:
„ვინც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, დაე, თავით კედელს შეასკდეს. ნებისმიერი პირი, რომელიც სომხეთის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციურ წესრიგს გამოწვევას შეუქმნის, წლების განმავლობაში საპატიმროში იქნება”.
მირზოიანი პარტიაში – „სამოქალაქო შეთანხმება“, საარჩევნო სიის მეორე ნომერია.
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარღვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მათ შორის საარჩევნო უბანზე ცივი იარაღის ტარების ფაქტთან დაკავშირებით
-
17:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 48.92%-მა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1,224,957-მა მოქალაქემ, ანუ ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 48.92%-მა.

-
JAMnews-ის ახალი ფოტოები საარჩევნო უბნებიდან
JAMnews-ის გუნდი აგრძელებს ერევანში ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვებას.
მათ ჯერ არ დაუფიქსირებიათ რაიმე სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი მონახულებულ საარჩევნო უბნებზე.






-
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ბრალდებით, აბოვიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე დააკავეს
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ქალაქ აბოვიანის №29/09 საარჩევნო უბანზე, საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარე ა.გ. ამომრჩეველთა სიით მიუახლოვდა კენჭისყრაში მონაწილე მოქალაქეებს და მათთან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომიტეტის კოტაიქის რეგიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც კენჭისყრის ფარულობის დარღვევას გულისხმობს.
„ა.გ. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე და გადაიყვანეს საქმეზე მომუშავე საგამოძიებო ორგანოში“, — აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.
სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება გრძელდება.
-
"სომხეთი, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა" - სალომე ზურაბიშვილი
„სომხეთო, შენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ!“ – დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

-
არჩევნების დღეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, პირდაპირ ქალაქ გიუმრის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არიგებდნენ საარჩევნო ქრთამს.
„პოლიციის ჯგუფები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ მისამართზე და საარჩევნო ქრთამის მიცემაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს. ისინი შირაქის რეგიონალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს”, – აცხადებენ უწყებაში.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილია ქრთამის მიმღები ამომრჩევლების სიებიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დააკავეს ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ წევრები.
დაკავების კადრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
-
„დამოუკიდებელი დამკვირვებელი“: საარჩევნო უბნების დაახლოებით 5.5%-ზე მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა
“დამოუკიდებელი დამკვირვებლების” მისიის წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი დანიელ იოანიანსიანი იუწყება, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 1420 საარჩევნო უბანი მოინახულეს. მათგან 387-ზე დარღვევები დაფიქსირდა.
„საარჩევნო უბნების დაახლოებით 5.5%-ზე მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. დაახლოებით 4.5%-ში დარღვევები კონფიდენციალურობას უკავშირდებოდა. ხოლო 4%-ში ეს კონტროლის გამოვლინება იყო, ამომრჩევლების ფსიქოლოგიური კონტროლის თვალსაზრისით“.
მისი თქმით, დარღვევების 20% ადგილობრივი კომისიის წევრებისა და პარტიების წარმომადგენლების მიერ იქნა ჩადენილი:
„41% ჩაიდინეს „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენლებმა, 26% კი „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის წარმომადგენლებმა“.
იოანიანსიანი იუწყება, რომ ელექტრონული რეგისტრაციის მოწყობილობები და ბიულეტენები დეფექტიანია. ზოგიერთ შემთხვევაში, მოწყობილობებზე დაბეჭდილი ნომერი არ ემთხვევა ამომრჩეველთა სიის ნომერს, რაც ანელებს საარჩევნო პროცესს, რაც ნიშნავს, რომ კომისიის წევრები იძულებულნი არიან „გამოიყენონ სიაში ამომრჩევლის პოვნის ძველი მეთოდი“.

-
14:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩევლების 33.84%-მა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 14:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 847 226 მოქალაქემ, ანუ ამომრჩეველთა 33.84%-მა.

-
14:00 საათის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარღვევების შესახებ 29 შეტყობინება მიიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-სა და ცხელ ხაზზე- 87-67, 14:00 საათის მონაცემებით, 29 შეტყობინება შევიდა.
მათ შორის:
• დაფიქსირდა ორმაგი ხმის მიცემის ექვსი და ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევის ხუთი შემთხვევა
• დააკავეს ექვსი პირი
• გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო დარღვევების შესახებ 121 შეტყობინებაზე -
ცრუ შეტყობინება საარჩევნო უბნებზე ბომბის შესახებ
სომხეთის მაცხოვრებლებმა უცხოური ტელეფონის ნომრებიდან და ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან მიიღეს ზარები და შეტყობინებები ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ბომბის აფეთქების სავარაუდო მუქარის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ჭორები და განაცხადა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება:
„ასეთი ქმედებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჰიბრიდული გავლენისა და ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩაშლას, მოსახლეობაში შფოთვისა და უნდობლობის გავრცელებას და სამთავრობო უწყებებზე დამატებითი ტვირთის შექმნას“.
სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.
-
როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემა ერევანში. JAMnews-ის ვიდეო
JAMnews-ის მიერ, ერევნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეო:
-
უპრეცედენტო აქტივობა საარჩევნო უბანზე, სადაც „აყვავებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა წარუკიანმა მისცა ხმა
არინჯის 29/29 საარჩევნო უბანზე, სადაც პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა მისცა ხმა, რიგებია. უბანზე რეგისტრირებული 2000-მდე ამომრჩევლიდან, დაახლოებით, 600-მა ხმა უკვე მისცა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაღალი აქტივობა ამომრჩევლების მხრიდან არჩევნების შედეგებით დაინტერესებას მიაწერა.

-
როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემა ერევანში. JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი
JAMnews-ის კორესპონდენტები აკვირდებიან არჩევნების პროცესს ერევნის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. მათი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ფოტორეპორტაჟი საარჩევნო უბნებიდან:





-
პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი ორმაგი ხმის მიცემის მცდელობისთვის დააკავეს
საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ 7 ივნისს, დილის 8:19 საათზე, №20/56 საარჩევნო უბანზე, პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა ა.ს.-მ ორჯერ სცადა ხმის მიცემა, რის შემდეგაც ხმის მიცემის აპარატმა გასცა ქვითარი წარწერით „ორჯერ ხმის მიცემის მცდელობა“.
„ქვითარი საარჩევნო კომისიამ ჩამოართვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადასაცემად, რის შემდეგაც ა.ს. გააძევეს საარჩევნო უბნიდან. მის შესახებ კი პოლიციის თანამშრომელს აცნობეს. ა.ს. დააკავეს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი ეჭვის საფუძველზე“, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
საგამოძიებო კომიტეტის გეღარკუნიკის რეგიონულმა დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტზე.
-
ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დარწმუნებულია, რომ ფაშინიანი ამომრჩევლის ნდობას ვერ დაიმსახურებს
სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის, ალიანს “სომხეთის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, რობერტ ქოჩარიანის განცხადებით, მისი პარტია მზადაა ხმა მისცეს იმ ოპოზიციურ ძალას, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, თუ, რა თქმა უნდა, ეს ძალა თავად არ აღმოჩნდება.
ქოჩარიანი დარწმუნებულია, რომ ნიკოლ ფაშინიანს ნდობას არ გამოუცხადებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ეს სომხეთისთვის „კატასტროფა“ იქნება.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იკითხა, გაიმარჯვებდა თუ არა „ევროპული ზღაპარი“ ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში. ამ კითხვაში, სავარაუდოდ სომხეთის ევროპული ინტეგრაციის გზა იგულისხმებოდა.
„თუ ევროპული ზღაპარი ვერ გაიმარჯვებს, ქვეყნის განვითარება დაკარგავს თავის ლოგიკას. შემოთავაზებულია ისეთი რამ, რისი პერსპექტივაც, სულ მცირე, მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში არ ჩანს“, – უპასუხა ქოჩარიანმა.
რობერტ ქოჩარიანის შეფასებით, თუ ფაშინიანის პარტია ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, „საღი აზრი, სახელმწიფო და ხალხი წააგებს“.
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებსა და მოსკოვის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ შეზღუდვებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ცალმხრივად გაყინოს ეკონომიკური კავშირები სომხეთთან, რაც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის გაყინვის ტოლფასი იქნება.
მან ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ არჩევნებში მოსყიდვის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს სამარცხვინო უწოდა.
„როგორც ჩანს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უსმენენ, უთვალთვალებენ და ჯაშუშობენ. მსგავსი რამ არ მახსოვს – ასობით ადამიანი, ოპოზიციის ყველა წევრი, გამონაკლისის გარეშე, სისხლის სამართლის ბრალდებით და შინაპატიმრობით დააკავეს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ მიზანი შიშის დათესვაა.
-
11:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ შსს-მ 17 შეტყობინება მიიღო
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ცენტრმა – 112 და ცხელმა ხაზმა – 87-67, საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ 17 შეტყობინება მიიღო.
კერძოდ, დაფიქსირდა ორმაგი ხმის მიცემის ორი შემთხვევა. ამ საქმეების დოკუმენტები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოს.
სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, რომ ამჟამად სავარაუდო დარღვევების შესახებ კიდევ 53 შეტყობინებაზე მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე, მოწმდება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაცია.
-
წარუკიანი ფაშინიანზე: „მან იმდენი ისაუბრა მშვიდობაზე, რომ რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა“
პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის თქმით, ამომრჩევლები აქტიურად მონაწილეობენ არჩევნებში დილის 8 საათიდან, რაც მას აქამდე არ უნახავს. მისი აზრით, ეს აჩვენებს, რომ „ხალხს ცვლილებები სურს“.
„ჩვენ მივეცით ხმა პოზიტიურ ცვლილებებს, რათა ადამიანებმა კარგად იცხოვრონ, ფული გამოიმუშაონ და კარგ ხასიათზე იყვნენ. სულ ეს არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
წარუკიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, თუ ისინი გაერთიანდებიან:
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. უკვე გავიმარჯვეთ. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ის წარადგენს პრემიერ-მინისტრს“.
წარუკიანი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერია. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრობის განზრახვა არ აქვს და ჰყავს „სამი ან ოთხი სხვა კანდიდატი“. თუმცა, არცერთის სახელი არ დაუსახელებია.
გაგიკ წარუკიანმა დღეს კვლავ გააკრიტიკა ამჟამინდელი მთავრობის, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკა. მან რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობა ახსენა:
„მან იმდენი ისაუბრა მშვიდობაზე, რომ რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ეკონომიკის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. ხალხი გაღარიბდება, გაკოტრდება და ყველაფერს დაკარგავს. ჩვენ ევროპაში ერთი სატვირთო მანქანა საქონელი გავიტანეთ, მაგრამ ყოველდღიურად ათასი იგზავნება რუსეთში. შეიძლება თუ არა ქვეყნის პრობლემების გადაჭრა ერთი სატვირთო მანქანით, ჩემო ძვირფასებო?“
-
დაკავებულია მამაკაცი, რომელიც რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მისაცემად სომხეთში უფასო ტრანსპორტირებას დაჰპირდა
პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მისაცემად სომხეთში უფასო ტრანსპორტირებას დაჰპირდა.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 2026 წლის 31 მაისს, რუსეთის ფედერაციის სომხური ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ა.გ. Telegram-ის არხით დაჰპირდა მოქალაქეების სომხეთში უფასოდ ტრანსპორტირებას და ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარებას არჩევნებში მათი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
წინასწარი გამოძიების ფარგლებში, მიიღება ზომები მტკიცებულებების აღმოსაჩენად და ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული ყველა პირის პასუხისგებაში მისაცემად.
-
„ეს არ უნდა იყოს უცხოური უცხოური ინტერესებით ნაკარნახევი არჩევანი“
პარტია „ერთიანობის ფრთების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სომხეთის ყოფილი ომბუდსმენის, არმან ტატოიანის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს.
იგი დიდ იმედს ამყარებს ამ არჩევნებზე. ტატოიანი ამბობს, რომ ამომრჩევლებმა, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, აჩვენეს, რომ ეს ისტორიული მომენტი გაცნობიერებული აქვთ:
„მე ნამდვილად ვგრძნობ ამ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. ხალხი აფასებს თავის ხმას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
ტატოიანის თქმით, სომხეთს სჭირდება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ იმუშავებს.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, ხმის მიცემისას დაფიქრდნენ, ვის შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნისა და მათი შვილებისთვის.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ გარე ძალებმა, ანუ სხვა ქვეყნებმა.
„ეს არ უნდა იყოს უცხოური ინტერესების გათვალისწინებით გამართული რეფერენდუმი. ეს არ უნდა იყოს არჩევანი სხვების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ თვითონ, ჩვენმა ყველა ქალაქმა და სოფელმა უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი“, – განაცხადა მან.
-
დილის 11:00 საათისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 14.48%-მა
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 11:00 საათისთვის ხმის მიცემის უფლების მქონე 362 657 მოქალაქემ, ანუ 14.48%-მა მისცა ხმა.

-
სიურპრიზები ამომრჩევლებს, რომლებიც პირველად აძლევენ ხმას
ერევნის 5/16 საარჩევნო უბნის ხელმძღვანელის, ტიგრან გალსტიანის განცხადებით, მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ საპარლამენტო არჩევნებში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოამზადა “სიურპრიზები” 18 წლის ამომრჩევლებისთვის, რომლებიც პირველად აძლევენ ხმას. საარჩევნო უბანზე მათ ბრენდირებულ, ცესკოს ლოგოიან გულსაკიდებსა და სხვა სუვენირებს აძლევენ.
„მოვიდა წყვილი, რომელიც დღეს ქორწინდება. ჩვენ მათ გულსაკიდიც გადავეცით“, – თქვა გალსტიანმა.
-
ფაშინიანი: „არჩევნებში სომხეთის მოქალაქეები გაიმარჯვებენ“
ნიკოლ ფაშინიანმა, „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა, არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ხმის მიცემის შემდეგ მან უპასუხა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ჟურნალისტების კითხვებს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოქალაქეების ნების თავისუფალ გამოხატვას ელის:
„გადაწყვეტილების მიღებისას ხალხი უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, მომავლისა და მშვიდობის დაცვის აუცილებლობით“.
ნიკოლ ფაშინიანმა უარყო რუსი ბიზნესმენისა და მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკის წინააღმდეგ „რეპრესიების“ ბრალდებები. მან გაიხსენა, რომ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები, რომლებზეც სახელმწიფო უწყებებს რეაგირება უნდა მოეხდინათ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული კომიტეტი პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობების შესახებ.
-
პირველმა ხმა მისცა ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა
„ძლიერი სომხეთის“ პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნარეკ კარაპეტიანმა, ქალაქ ტაშირში მისცა ხმა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმა მისცა მნიშვნელოვან ცვლილებებს სომხეთში.
რუსეთის დახმარებით არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდებების საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების საინფორმაციო ხრიკები იყო. მანვე თქვა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.
„ჩვენ ვემხრობით, რომ არცერთი ქვეყანა არ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში“, – აღნიშნა მან.
-
ომბუდსმენმა მონიტორინგი დაიწყო. ცხელი ხაზის ნომერია - 116
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისი იუწყება, რომ დღეს დილიდან საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. საგანგებო მდგომარეობის მიზანია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების საკითხებზე საჩივრებისა და სააპელაციო საჩივრების დროულად მიღება და განხილვა, მათი შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა.
ამომრჩევლებს შეუძლიათ საარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საჩივრების, სააპელაციო საჩივრებისა და განცხადებების წარდგენა ადამიანის უფლებათა დამცველის ცხელ ხაზზე 116 ან (096) 116 100 ნომერზე დარეკვით.
ასევე ცნობილია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მედიასა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას საარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.
