სოცდახმარება, დეკრეტული შვებულება, წამლის ფასები და კონცერტები - რა თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე
რა თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე
ორშაბათის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება. ასევე, მისი თქმით, ივნისი-სექტემბერში ქვეყანაში კონცერტები გაიმართება, რისთვისაც მთავრობა 70 მილიონს გამოყოფს. პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ PSP-ს აფთიაქებს ხალხი შეცდომაში შეჰყავს რასაც რეაგირება მოჰყვება.
რა თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. მოკლედ:
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება
“2023 წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები, ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე 50 ლარი იყო. გაისად, 2023 წლის 1 ივლისიდან კი ეს თანხა 200 ლარი გახდება. ანუ, თითო ბავშვზე დახმარების სახით 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია. ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.” – თქვა ღარიბაშვილმა.
● საქართველოში სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება
დეკრეტული შვებულების თანხა 2 000 ლარი გახდება
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო. მსჯელობის შემდეგ კი გადაწყდა, რომ კერძო სექტორში დასაქმებულისათვის დახმარება გაორმაგდეს:
“პირველი იანვრიდან 1 000 ლარის ნაცვლად გახდება 2 000 ლარი. მანამდე გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი”
აფთიაქები და ჯანდაცვის რეფორმა
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, PSP-ს აფთიაქებში წამლებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდება, რასაც ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
“რამდენიმე დღის წინ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე. მინდა, ეს კომპანია პირდაპირ დავასახელო – PSP. თითქოს, PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს (ვიცი, რომ დავალებაა ასეთი, ეს ინფორმაცია არსებობს და ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება) გამყიდველი ეუბნება – რომელი გნებავთ, ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ეს პირდაპირ არის მტრობა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და ჩვენი პენსიონერები და გაჭირვებული ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს”, – ამბობს ღარიბაშვილი.
● სახელმწიფო ინსულტისა და ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციას დააფინანსებს. წამლის ფასებზე ზედა ზღვარი წესდება
ღარიბაშვილმა მთავრობის რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში მედიკამენტების შემოსატანად თურქეთის ბაზრის გახსნას ეხებოდა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე აქტიურად მუშაობს:
“ეს რეფორმა ჩვენ გასულ წელს, იანვარში დავიწყეთ. მაშინ, ჩემი ინიციატივით თურქეთის ბაზარი გაიხსნა. ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი, ჯიემპის სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც წარმატებით განხორციელდა. გახსოვთ, რომ მაშინ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ამ რეფორმის წარმატების არ სჯეროდა.”
პრემიერის განმარტებით, ამ რეფორმის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ლარს დაზოგავს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, “ქვეყანაში შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები” და კონკურენცია გაჩნდა, რამაც წამლები საგრძნობლად გააიაფა.
“იყო მაგალითები, რომ წამალი ღირდა 200-300 ლარი – ეს მედიკამენტები გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი.” – აცხადებს ირაკლი ღრიბაშვილი.
კონცერტები
პრემიერის თქმით, ივნისი-სექტემბერში ქვეყანაში კონცერტები გაიმართება, რისთვისაც მთავრობა 70 მილიონს გამოყოფს.
“მე ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე გაცნობეთ, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები… ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისშიც ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები – სტადიონებსა და Black Sea არენაზე.”
● დეკემბერში მოსკოვში “ქართული კულტურის დღეები” გაიმართება
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.
პანდემიის დაწყების დღიდან ასევე გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაც. ანუ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოს სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა.
მიმდინარე წლის 14 თებერვალს, პრემიერმა ღარიბაშვილმა პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა და 200 ათასი ადამიანის დასაქმება დააანონსა. ღარიბაშვილის განმარტებით, ეს ორმაგ შედეგს მოიტანს – ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.