საქართველოში სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება
სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება და 200 ათასი ადამიანი დასაქმდება.
როგორც პრემიერმა განმარტა, ეს ორმაგ შედეგს მოიტანს – ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.
“საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს შეუწყობს მათ მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად შევიმუშავეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ასევე, ვაკანსიებს მუნიციპალიტეტები და სამინისტროები შექმნიან. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე დაიდება 50 ათასი ვაკანსია.
● საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, საშუალო ხელფასი კი 1,328 ლარია
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, პროგრამას განახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ხოლო იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვინც მუშაობას დაიწყებს, 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება სახელმწიფო დახმარება.
“ეს დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან.” – ამბობს ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმით, ადამიანს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება:
“საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა ჩვენი ვარაუდით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ, 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, ისინი უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ ადამიანებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.”
● ერდოღანის მთავრობა ლირის გამოცდის პირისპირ
● ურბანული ბაღჩა თბილისში
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.
პანდემიის დაწყების დღიდან ასევე გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაც. ანუ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოს სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა.