აზერბაიჯანში დისტანციური სწავლების ვადა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა
2020 წლის ბოლომდე, აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები დისტანციურ სწავლებას გააგრძელებენ. ხვალიდან, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროცესი ჩვეულებრივი ფორმით უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ ბოლო დღეს, ხელისუფლებამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებების შეიტანა 2020 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებაში – „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის პირობებში, სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების დამატებითი ზომების შესახებ“.
პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილების მოქმედების ვადა 1-დან 30 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის პირობებში, ყველა სასწავლო დაწესებულებას 2 ნოემბრიდან დავალებული აქვს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის დისტანციურ ფორმატში ორგანიზება.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამ თარიღამდე არ იმუშავებს ბაქოს მეტროპოლიტენი, შაბათ-კვირაობით საერთოდ არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უქმეებზე დაკეტილი იქნება ყველა მაღაზია, სურსათისა და აფთიაქების გარდა.
პანდემიის დაწყებიდან, აზერბაიჯანში, კორონავირუსით დაინფიცირდა 121 176 ადამიანი, მათგან 1 392 გარდაიცვალა, 74 902 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას აგრძელებს 44 882 COVID-19-ით ინფიცირებული.