სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, კლასებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით დაიწყება
საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, სკოლებს გარკვეული რეგულაციების შესრულება მოუწევთ.
რეგულაციების თანახმად:
● მოსწავლისთვის სკოლის შენობაში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. საკლასო ოთახში, მოსწავლეებს შორის უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია. დაუშვებელია კლასში 29-ზე მეტი მოსწავლის ყოფნა.
● სკოლის შენობაში შემსვლელი ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, გარდა მოსწავლისა.
● სკოლაში შესვლისას ყველამ უნდა გაიაროს დეზობარიერი, ჩაიტაროს თერმოსკრინინგი და ხელის დეზინფიცირება.
● სკოლას უნდა ჰქონდეს პირბადეების რეზერვი.
● სველ წერტილებს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ყოველი დასვენების შემდეგ.
● ცვლებს შორის უნდა იყოს ნახევარსაათიანი შესვენება და ამ ხნის განმავლობაში საკლასო ოთახები და სკოლის საერთო სარგებლობის ფართი განიავდეს და სანიტარულად დამუშავდეს.
● სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის გამოყოფილი უნდა იყოს დროებითი საიზოლაციო ოთახი.
• ერთჯერადი ფინანსური დახმარება ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის – მთავრობის სოციალური დახმარების მესამე ეტაპი
● გაკვეთილებს შორის, დასვენებებზე საკლასო ოთახები უნდა განიავდეს.
● ინვენტარის ზედაპირს, რომელსაც ბავშვები ხშირად ეხებიან, დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.
● სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (დერეფანში, კიბეზე, სამასწავლებლოში) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველას (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებებზეც. გაკვეთილზე მასწავლებლისთვის პირბადის ტარება არ არის სავალდებულო.
● განათლების სამინისტრო სკოლებს აძლევს უფლებას, რომ მოსწავლეთა რაოდენობისა და სკოლის ფართის გათვალისწინებით, თვითონ დაგეგმონ სასწავლო პროცესი.
სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა აქვთ:
● თვითონ განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა – გაკვეთილის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 30 წუთზე ნაკლები.
● დაადგინონ სწავლის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ).
● განსაზღვრონ ცვლები.
● საჭიროების შემთხვევაში, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე.
● სკოლებს უფლება აქვთ დანერგონ სწავლის შერეული მოდელი, სადაც საკლასო ოთახებში სწავლასთან ერთად გამოყენებული იქნება დისტანციური სწავლების მეთოდიც.
● თუ საჭირო იქნება, სკოლას შეუძლია სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათიც.
● სკოლაში გაკვეთილების ჩატარება სავალდებულოა I-IV კლასის მოსწავლეებისთვის.
● სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე.
● შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.