გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გაეროს რეზოლუცია
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებებს ეხება.
რეზოლუცია 4 ივნისს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში განიხილეს. დოკუმენტს მხარდაჭერა 107-მა სახელმწიფომ გამოუცხადა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ემთხვევა.
ხმის მიცემისგან თავი 55-მა ქვეყანამ შეიკავა. მათ შორის იყვნენ ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, საუდის არაბეთი, შვეიცარია და ისრაელი. გასულ წელს ნეიტრალური პოზიცია 49 სახელმწიფომ დაიკავა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა რვა ქვეყანამ მისცა: რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, კუბამ, ნიკარაგუამ, სუდანმა, ეკვატორულმა გვინეამ და ბურუნდიმ.
საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან ყოველწლიურად წარადგენს. დოკუმენტი ჰუმანიტარულ საკითხებზეა ორიენტირებული და გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. ამასთან, იგი ადასტურებს დევნილებისა და ლტოლვილების უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლებების დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუციას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. იგი გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში მისი შესრულების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეზღუდული ხელმისაწვდომობის ფონზე.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, გააძლიერონ ძალისხმევა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რათა შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებისთვის.
ბოლო წლებში რეზოლუციის საერთაშორისო მხარდაჭერა თანდათან ფართოვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს მისი თანაავტორი ქვეყნების რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 68-ს მიაღწია. უწყების შეფასებით, ეს ასახავს მზარდ საერთაშორისო მხარდაჭერას იმ ჰუმანიტარული გამოწვევების მიმართ, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შეიქმნა.
რეზოლუციის განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით, ასევე უკრაინამ და იაპონიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და შეუერთდა მის თანაავტორთა ჯგუფს. უწყების განცხადებით, აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების უფლების მიმართ.