"გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას აინიცირებს
გაზიარება
გაზიარება
“გახარია საქართველოსთვის” რეზოლუცია
პარტია “გახარია საქართველოსთვის“ გეგმავს, საქართველოს პარლამენტში დააინიციროს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 9 მაისს გაფორმებულ შეთანხმებასა და მოსკოვის ანექსიურ პოლიტიკას შეეხება.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა კერესელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. შეთანხმება “სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ წარმოადგენს ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგ და უკიდურესად სახიფათო ეტაპს.
მისი თქმით, დოკუმენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია და ოკუპირებული რეგიონის სხვადასხვა სფეროს რუსეთის ფედერაციასთან სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
კერესელიძემ გააკრიტიკა ხელისუფლების პოზიციაც და თქვა, რომ “ქართული ოცნება“ ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებს.
“ხვალ 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და, სამწუხაროდ, ამ სიმბოლურ თარიღს კვლავ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის ფონზე ვხვდებით ხელისუფლების დუმილით,“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, პარლამენტი ამ ეტაპზე “ერთადერთი სივრცეა“, რომელსაც შეუძლია რუსეთის პოლიტიკას მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია ხელისუფლებისგან უფრო აქტიურ რეაგირებას ითხოვს. კერესელიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
პარტია პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს რეზოლუციას საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ, ხოლო მთავრობას – “შეწყვიტოს უმოქმედობა“, აღადგინოს აქტიური დიპლომატიური მუშაობა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, რათა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად დარჩეს.
9 მაისს, ვლადიმერ პუტინი და ალან გაგლოევი კრემლში შეხვდნენ და ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რომელიც, ოფიციალური განმარტებით, რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებას“ ისახავს მიზნად. თუმცა დოკუმენტის შინაარსმა რეგიონში მორიგი დისკუსია გააჩინა იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოსაა მოსკოვი სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ანექსიასთან.
ტექსტის მიხედვით, მხარეები გეგმავენ სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას, კაპიტალის, საქონლისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას, ასევე საერთო ეკონომიკური სივრცის ფორმირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ ინტეგრაციას.
კრემლი ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს ცხინვალის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობას. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სოციალური და კულტურული მიმართულებითაც, მათ შორის შრომითი უფლებებისა და სოციალური დაცვის სფეროებში.