სომხეთი და აზერბაიჯანი ინტერნეტ ტრანზიტზე შეთანხმდნენ: შესაძლებლობები და რისკები
ინტერნეტის ტრანზიტი სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით
სომხურმა კომპანია Team Telecom-მა და აზერბაიჯანულმა AzerTelecom-მა ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ორივე ქვეყნის გავლით ინტერნეტის ტრანზიტსა და მიწოდებას ითვალისწინებს. შეთანხმება აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანს შორის ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას სომხური ინფრასტრუქტურის მეშვეობით გახდის შესაძლებელს.
Telecom Armenia-მ განაცხადა, რომ თანამშრომლობა “კომერციული ხასიათისაა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა თანხას გადაიხდის აზერბაიჯანი მომსახურებისთვის.
კომპანიის დირექტორის მოადგილის, არამ ბარსეღიანის თქმით, შეთანხმება ძალაში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ შევა. მისი განმარტებით, აზერბაიჯანს მხოლოდ კაბელზე ექნება წვდომა და არა მის გადაცემულ მონაცემებზე.
თუმცა, სომეხი ექსპერტების ნაწილი გარკვეულ რისკებსაც ხედავს და, კერძოდ, “ტრაფიკის ანალიზის“ შესაძლებლობაზე მიუთითებს. ამავე დროს, პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ შეთანხმება სომხეთისთვის ახალ შესაძლებლობებსაც ხსნის.
- “არ განგვიხილავს და არც განვიხილავთ 300 ათასი აზერბაიჯანელის სომხეთში დაბრუნებას“ — ფაშინიანი
- რას ფიქრობენ სომხები აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზე? გამოკითხვა ერევნის ქუჩებში/ VIDEO
ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტის, სამველ მარტიროსიანის თქმით, სომხეთის გავლით არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ ყაზახური ტრაფიკიც გაივლის.
“სომხეთი Team Telecom-ის კაბელებით გამავალი ტრაფიკის დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს. სინამდვილეში, კომპანია რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სატრანზიტო ოპერატორი. თქვენ იცით, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტები მოქმედებს, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტრაფიკი სომხეთის გავლით გაჰყავს. ახლა სომხეთიც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტის მოთამაშე ხდება“, — განაცხადა მარტიროსიანმა.
ყველაფერი, რაც ამ შეთანხმების შესახებ არის ცნობილი, და სომეხი ექსპერტების შეფასებები:
Telecom Armenia გეოგრაფიულ არეალს აფართოებს
Telecom Armenia აცხადებს, რომ AzerTelecom-თან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, როგორც “რეგიონში წამყვანი სატრანზიტო ოპერატორი“, აფართოებს იმ ქვეყნების გეოგრაფიას, რომლებსაც საერთაშორისო ინტერნეტტრაფიკს საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით აწვდის.
კომპანიის განმარტებით, შეთანხმება მიზნად ისახავს:
- რეგიონში საკომუნიკაციო არხების დივერსიფიკაციას;
- ტელეკომუნიკაციური ქსელების საიმედოობის ზრდას;
- ტელეკომუნიკაციების სექტორში თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას.
“ეს შეთანხმება TRIPP-ის ლოგიკას მიჰყვება“
Telecom Armenia-ს დირექტორის მოადგილის, არამ ბარსეღიანის თქმით, შეთანხმება შეესაბამება პროექტ “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ლოგიკას, თუმცა”„მისი პირდაპირი ნაწილი არ არის“.
ბარსეღიანის თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს კაბელზე წვდომა წამში 100 გიგაბიტის სიჩქარით ექნება. მისი განმარტებით, ქსელური კავშირები კორნიძორსა და იერასხში, უშუალოდ საზღვრის გასწვრივ დამყარდება და არა დასახლებული პუნქტების გავლით.
“კაბელი არ შედის სომხეთში, ის საზღვრის გასწვრივ გადის, როგორც ეს საქართველოს, თურქეთისა და ირანის შემთხვევაში ხდება. თითოეული ქვეყანა საკუთარ კაბელს ამონტაჟებს. შეერთება პირდაპირ საზღვარზე ხდება და კაბელი A წერტილიდან B წერტილამდე მიდის“, – თქვა მან.
Telecom Armenia-ს წარმომადგენლის თქმით, საუბარია არა ინტერნეტის მიწოდებაზე, არამედ სატრანზიტო არხის უზრუნველყოფაზე. მისი თქმით, აზერბაიჯანი საკუთარ ინტერნეტს გამოიყენებს:
“ჩვენ მათზე სომხურ მონაცემებს არ ვყიდით და არც სომხეთიდან ვაწვდით რაიმეს. ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ შესაძლებლობას, A წერტილიდან B წერტილამდე ჩვენი არხის საშუალებით გადაადგილდნენ“.
ბარსეღიანი მიიჩნევს, რომ ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო არხის უზრუნველყოფა სომხეთისთვის “სტრატეგიულ უპირატესობას“ წარმოადგენს.
კომენტარები
ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტის, არტურ პაპიანის თქმით, Team Telecom სომხეთში დიდი მოცულობის ინტერნეტტრაფიკის იმპორტსა და ექსპორტს ახორციელებს, იმპორტირებული ინტერნეტი კი შემდეგ ერაყსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში იყიდება.
“ნახიჩევანი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს. ბუნებრივია, მას გარკვეული საკომუნიკაციო არხები თურქეთისა და ირანის გავლით უკვე აქვს. თუმცა, ისრაელ-ირანის ომის გათვალისწინებით, სრულიად ლოგიკურია, რომ ნახიჩევანს ინტერნეტკავშირის დივერსიფიკაცია სურდეს“, – ამბობს ის.
პაპიანის თქმით, სომხურმა კომპანიამ მას განუმარტა, რომ ტრაფიკის ტრანზიტი განხორციელდება “DWDM ქსელის დონეზე“, რაც ერთი წერტილიდან მეორემდე ფიზიკური კავშირის დამყარებას ჰგავს:
“აზერბაიჯანული ინფორმაცია ჩვენი არხით DWDM ქსელის დონეზე გაივლის. დიახ, ჩვენ ასევე გვაქვს აზერბაიჯანული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ მის გამოყენებას არ ვგეგმავთ“.
ექსპერტის შეფასებით, სომხეთს, რომელიც რეგიონში მთავარ IT ცენტრად გადაქცევისკენ ისწრაფვის, საკომუნიკაციო არხების დივერსიფიკაცია სჭირდება.
მისი აზრით, აზერბაიჯანულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამო მასობრივი ფარული მიყურადების საფრთხეზე საუბარი “აბსურდულია“. პაპიანი ამბობს, რომ მსგავსი ოპერაციისთვის უზარმაზარი გამოთვლითი რესურსებია საჭირო:
“მიზნობრივი შეტევები, მაგალითად, Pegasus-ის ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებით, გაცილებით ეფექტიანია. საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს, თუ აზერბაიჯანულ არხებზე დამოკიდებულება აბსოლუტური გახდება“.
თუმცა ინფორმაციული უსაფრთხოების კიდევ ერთი ექსპერტი, რუბენ მურადიანი, რისკებს მაინც ხედავს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც სომხური ტრაფიკის აზერბაიჯანულ ინფრასტრუქტურაში გატარებას უკავშირდება.
მისი თქმით, შეთანხმების მიხედვით, სომხურ ტრაფიკსაც შეუძლია გაიაროს AzerTelecom-ის ინფრასტრუქტურაში, რაც ნიშნავს, რომ AzerTelecom-ის ინფრასტრუქტურაში გამავალი ტრაფიკის ანალიზი შესაძლებელია.
მურადიანი აღნიშნავს, რომ კონტენტი უმეტეს შემთხვევაში დაშიფრულია TLS-დაშიფვრის გამო, თუმცა, მისი თქმით, სხვა ტიპის რისკებიც არსებობს:
“AzerTelecom-ს შეეძლება სომხური ტრაფიკის DPI-ის მეშვეობით გადამისამართება, რაც მას სომეხი მომხმარებლების ქცევის პროფილირებისა და ანალიზის შესაძლებლობას მისცემს. საუბარია არა გადაცემული მონაცემების პირდაპირ წვდომაზე, არამედ კავშირის მეტამონაცემებზე წვდომაზე“.
მისი შეფასებით, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ასევე ორგანიზაციები, რომლებიც ფიქსირებულ IP-მისამართებს იყენებენ.
“AzerTelecom-ს BGP მარშრუტის მოწამვლის, ანუ კიბერშეტევების გზით, მიზნობრივი ტრაფიკის საკუთარ ქსელებზე გადამისამართების მეტი შესაძლებლობა ექნება. ამ ეტაპზე ეს რისკები Team Telecom-ის მომხმარებლებზე ვრცელდება. მე აბსოლუტურ უსაფრთხოებას არ ველოდები“. – ამბობს ექსპერტი.
ამ კონტექსტში, მურადიანმა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა, ყველა მოწყობილობაზე VPN-ის მუდმივი გამოყენება განიხილონ.