ლეონიდ კალაშნიკოვი: საგუშაგო ფსოუში შესაძლოა გაუქმდეს
შესაძლოა საგუშაგო ფსოუში გაუქმდეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე საგუშაგო ფსოუში [რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი] შეიძლება გაუქმდეს.
“საუბარი იყო რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის საზღვარზე ფსოუში გადასვლაზე, იმის გამო, რომ პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე რთულდება, ჩვენ შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, მაგრამ ამას გარდა, უფრო სერიოზული კითხვები დავსვით – გავაუქმოთ ეს გადასვლა, როგორც ეს მოხდა ბელარუსში.” – ამბობს კალაშნიკოვი.
სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერი ანა კუზნეცოვა კი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კომფორტული და მოსახერხებელი გადასასვლელისთვის.
“ჩვენ გვესმის, რომ დღეს, სანქციების კონტექსტში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში, ზოგიერთი ტერიტორია შეიძლება იყოს მიუწვდომელი ჩვენი ბავშვების ოჯახებისთვის. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ადგილები, სადაც გველოდებით, იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ორგანიზებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახებისთვის ბავშვებთან ერთად კომფორტული იყოს საზღვრის გადაკვეთა, ამ ადგილებში ყოფნა და ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები დღესვე მოვიდნენ აქ სახელმწიფო სათათბიროში იმავე თხოვნით, რათა რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გავლა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ყოფილიყო.”
მსგავსი ინიციატივით გამოვიდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მაუწყებლის, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც 30 მარტს განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მდინარე ფსოუზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობით. მარგარიტა სიმონიანის შეფასებით, ის ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა”. ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.