"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" - საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა
საქართველოს პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია, “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, ხათუნა სამნიძე იქნება, მისი მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე.
ფრაქციაში ასევე იქნება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი” გიორგი ვაშაძე. ფრაქციაში გაწევრიანდნენ “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი ტარიელ ნაკაიძე და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.
ხათუნა სამნიძის თქმით, მათი გაერთიანების მთავარი საფუძველი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტია.
“ამ ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტის თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები”, – განაცხადა სამნიძემ.
_______________________________
● ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა – მას გირაო ევროკავშირმა გადაუხადა. პირველი კომენტარები
● გიორგი რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა. მან ციხე უკვე დატოვა
● კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
_______________________________
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების დეპუტატების ნაწილმა მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც საპატიმრო დატოვეს “მთავარი არხის” მეწილემ გიორგი რურუამ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ასევე იყო საპარლამენტო საქმიანობის დაწყება.
13 მაისს, პარლამენტში, პარტია “ლელომ” დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არმაზ ახვლედიანთან, სალომე სამადაშვილთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. ახალ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ჰქვია.
დამოუკიდებელი დეპუტატების გარდა, ახალი ფრაქციის წევრები არიან “ლელოს” პარტიული სიით პარლამენტში გასული მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და დავით უსუფაშვილი.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ორი დღის წინ გახდა ცნობილი – მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებისა და რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო – ისინი მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებენ.