"ფაქტობრივი უზუსტობები და მცდარი შეფასებები" - საგარეო უწყება ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურება
ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის გაფართოების შესახებ კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტი ფაქტობრივ უზუსტობებსა და მცდარ შეფასებებს შეიცავს, რაც, უწყების შეფასებით, ანტიქართული ნარატივების გამყარებას უწყობს ხელს და საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობის სივრცეს ამცირებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს ანგარიშში ხელისუფლების საქმიანობის სახელმწიფოს მიტაცებად წარმოჩენას. უწყების განცხადებით, ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი ვალდებულებაა.
„შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა, არცერთ დონეზე, არ ჩაუტარებია. სამინისტროს განმარტებით, ეს ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერებით აიხსნება და ევროკომისიას პროგრესის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას უზღუდავს.
სამინისტრო ასევე აკრიტიკებს ანგარიშში სამართლებრივი საკითხების შეფასებას და მიიჩნევს, რომ შერჩევითი ანალიზი სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას უწყობს ხელს, ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას წარმოადგენს.
უწყების შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას აზიანებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას კვლავ ადასტურებს.
რა წერია ევროკომისიის 2026 წლის შეფასებაში
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. დოკუმენტში ხელისუფლების მიმართ რამდენიმე ძირითადი კრიტიკული შეფასებაა წარმოდგენილი:
● დემოკრატიული უკუსვლა და ძალაუფლების კონცენტრაცია: ევროკომისიის შეფასებით, სუსტდება დემოკრატიული ინსტიტუტები, იზღუდება პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები, ხოლო ხელისუფლება ძალაუფლებას სულ უფრო მეტად აკონცენტრირებს.
● ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა: კომისია მიიჩნევს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს საფრთხეს უქმნის და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ შეშფოთებას აძლიერებს.
● საარჩევნო გარემო: ხელისუფლებას არ გაუტარებია საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმა. 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები კი, ანგარიშის თანახმად, პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში ჩატარდა, რასაც თან ახლდა ამომრჩეველთა დაშინება, ზეწოლა და მმართველი პარტიისთვის უპირატესობის მიმნიჭებელი საკანონმდებლო ცვლილებები.
● სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა: ევროკომისია შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნისა და ისეთი ბრალდებების გამოყენებით, როგორიცაა საბოტაჟი და უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. კომისიის შეფასებით, ეს დემოკრატიულ პლურალიზმს ეწინააღმდეგება.
● სასამართლოს დამოუკიდებლობა: ევროკომისია სასამართლო სისტემაში უკუსვლას ზედიზედ მესამე წელია აფიქსირებს. ანგარიშის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა შერყეულია, ხოლო სამართლებრივმა ცვლილებებმა სისტემის მიტაცების რისკი გაზარდა. კრიტიკულად არის შეფასებული დემონსტრანტებისთვის შეფარდებული მკაცრი სასჯელებიც.
● კორუფცია და დეოლიგარქიზაცია: კომისიის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პროგრესი არ არის, ქვეყანას 2020 წლიდან არ აქვს ანტიკორუფციული სტრატეგია, ხოლო დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. ანგარიშში ასევე საუბარია ოლიგარქიული გავლენის სისტემის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ხელშეწყობაზე.
● უვიზო რეჟიმის პირობების შეუსრულებლობა: საქართველომ ევროკომისიის წინა რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა. რეკომენდაციები ფუნდამენტური უფლებების დაცვას, დისკრიმინაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. ამის გამო ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი აამოქმედა.
● რუსეთთან ურთიერთობა და სანქციები: საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი 40%-დან 38%-მდე შემცირდა. ქვეყანა არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების უმეტესობას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების ზრდა.
● ევროკავშირის ფინანსური დახმარება: დემოკრატიული უკუსვლის გამო, 2024 წლიდან შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 121.3 მილიონი ევროს ორმხრივი დაფინანსება. ასევე შეჩერებულია საქართველოს ასოცირება ევროკავშირის ახალ პროგრამებთან.
● ანაკლიის პორტის პროექტი: ევროკომისია აღნიშნავს, რომ პროექტი სრულ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვით შეჩერებული იყო, ხოლო საანგარიშო პერიოდში პროექტისთვის საბიუჯეტო დაფინანსება 60%-ით შემცირდა.