საქართველოში შიდა ტურიზმი და მატარებლების მოძრაობა განახლდა
ქალაქებს შორის მგზავრთა მატარებლით გადაყვანა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 24 მარტს შეჩერდა, დღეიდან, 15 ივნისიდან ისევ განახლდა. დღეიდან დღის ჩქაროსნული მატარებლები თბილისიდან 5 მიმართულებით ივლიან. განახლდა შიდა ტურიზმიც და კურორტებზე დასვენება ახლა ყველასთვის ნებადართულია.
15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 703 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველი სამგზავრო მატარებელი 15 ივნისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავიდა.
ქალაქებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებლები ივლიან.
მატარებლით მგზავრობისას მგზავრებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული რეგულაციების შესრულება.
კერძოდ:
მგზავრებმა უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და დაიცვან სოციალური დისტანცია.
ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დისპანსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავონ.
აუცილებელია პირბადის ტარება. მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნა არ შეიძლება.
ამ დროისთვის მატარებლით მგზავრობა განახლდა ხუთი მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი და თბილისი-ქუთაისი.
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმიც განახლდა. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს და სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების მომსახურებით ისარგებლონ.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
ვიზიტორებისთვის გაიხსნა ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვა სავალდებულოა დაცულ ტერიტორიებზეც.
დაცულ ტერიტორიებზე შესვლამდე ყველა ვიზიტორს ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი.
დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
ამასთან, მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა ზოგან უფასო გახდა, ზოგან კი ფასი შემცირდა.
დამთვალიერებლებს ახალციხის ციხესიმაგრეში შესვლა უფასოდ შეეძლებათ. სეზონის ბოლომდე უფასო იქნება შესვლა ბორჯომის პარკშიც. სამი თვის განმავლობაში შემცირებული ტარიფებით მოემსახურება ვიზიტორებს ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდა, 1 ივლისიდან კი საქართველო საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.