პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 39 300 აბიტურიენტი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე 3 600 სტუდენტია დარეგისტრირებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ხულოში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, გორსა და რუსთავში.
● დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, საგამოცდო ცენტრის ერთ სექტორში წელს 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ დაიშვება.
● ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
● მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
● შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყველა აბიტურიენტს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია მიიტანოს თავისი პირბადე).
● საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.
აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებებით და:
● მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
● მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
● მითითების შემთხვევაში დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
● თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
● ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მიტანა რეკომენდებული არ არის, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.
● ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.
● უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე. კონდიციონერი გამოირთვება აბიტურიენტების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.
რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად:
● თუ აბიტურიენტს/სტუდენტს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარადგინოს ცნობა, რომ არ არის COVID-ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მიიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა N100);
● თუ აბიტურიენტს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა ექნება, 15 წუთში უნდა გადაუმოწმდეს სიცხე ვერცხლისწყლის თერმომეტრით. თუ გადამოწმების შემდეგ აბიტურიენტს 37,5 გრადუსამდე სიცხე ექნება, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა უნდა იმოქმედონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით.
ამ რეკომენდაციების თანახმად:
● თუ აბიტურიენტს აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მას სხვა აბიტურიენტებთან ერთად საერთო დარბაზში შესვლის უფლება ექნება. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე ყურადღება უნდა მიექცეს;
● თუ აბიტურიენტს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტს ექიმი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:
● თუ სიცხის გარდა აბიტურიენტს არ ექნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
● იმ შემთხვევაში, თუ 37-დან 37,4 გრადუსამდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ აბიტურიენტს ცალკე სარეზერვო ოთახში შეიყვანენ, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა აბიტურიენტმა სასურველია, რომ PCR ტესტი ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
● 37,5 გრადუსი ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) აბიტურიენტს შეიყვანენ ცალკე სარეზერვო ოთახში, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
37,5 გრადუსზე მაღალი სიცხის შემთხვევაში:
● თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
● თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, სხვა აბიტურიენტებთან ერთად მას საერთო სექტორში დაუშვებენ.
● თუ აბიტურიენტს აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მას შეიყვანენ სარეზერვო ოთახში, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა აბიტურიენტმა შემდეგ გამოცდამდე კონსულტაციისთვის ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 4 აგვისტოს დასრულდება.