საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, საშუალო ხელფასი კი 1,328 ლარია
საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმმა აგვისტოს თვეში 221.1 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ნიშნულია. ეს ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, წინა თვესთან შედარებით, 2.8 ლარით გაიზარდა. საქსტატისვე ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1,328 ლარია.
საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 12.8 პროცენტი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ იანვრის თვეში საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, 7 თვეში კი მაჩვენებელი რეკორდული ტემპით, 25.5 ლარით გაიზარდა.
2021 წელს საარსებო მინიმუმი თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:
- იანვარი – 195.6 ლარი
- თებერვალი – 197.2 ლარი
- მარტი – 201.0 ლარი
- აპრილი – 202.8 ლარი
- მაისი – 205.6 ლარი
- ივნისი – 214.5 ლარი
- ივლისი – 218.3 ლარი
- აგვისტო – 221.1 ლარი
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
საქსტატმა 2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული საშუალო ნომინალური ხელფასის სტატისტიკაც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 1,328 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 177.9 ლარით მეტია.
შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
• მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით);
როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი
დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:
- ხორბლის პური – 250 გრამი
- სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
- ლობიო – 20 გრამი
- ბრინჯი – 10 გრამი
- წიწიბურა – 10 გრამი
- ძროხის ხორცი – 40 გრამი
- მაკარონი – 15 გრამი
- ღორის ხორცი – 20 გრამი
- რძე – 150 მილილიტრი
- ხაჭო -15 გრამი
- ყველი – 20 გრამი
- ნადუღი – 5 გრამი
- ბადრიჯანი -10 გრამი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.