საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო არ შემოუშვეს
საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არ შემოუშვეს
საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო არ შემოუშვეს, ამის შესახებ ინფორმაციას “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ეკატერინე კოტრიკაძე ავრცელებს.
“დოჟდის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შეუშვეს. მიზეზის ახსნის გარეშე. ახლა მას თვითმფრინავზე აბრუნებენ.” – წერს კოტრიკაძე.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე – მიზეზების ახსნის გარეშე.
14 თებერვალს ფონდ “არა ძალადობას” დამფუძნებელი რუსი აქტივისტი და უფლებადამცველი ანა რივინა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში “უცხოელ აგენტად” არის გამოცხადებული, საქართველოში არ შემოუშვეს.
გასული წლის 5 სექტემბერს კრემლის კიდევ ერთი კრიტიკოსი, რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოდან უკან გააბრუნეს.
20 ივლისს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის სომხეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, თუმცა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველომ არ შემოუშვა საზღვარზე ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი, ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
როდესაც ლანდერმა საზღვრის გადაკვეთა სცადა, ქართველმა მესაზღვრეებმა ის დააკავეს, კაბინეტში შეიყვანეს და ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. საბოლოოდ მას მისცეს დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებოდნენ “სხვა მიზეზების გამო”.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.
უკანასკნელი გახმაურებული შემთხვევა კი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუს მწერალს და დისიდენტს, დმიტრი ბიკოვს ეხება, რომელიც რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ შემოუშვეს საქართველოში. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას” უთხრა, მესაზღვრეებმა საბუთები ჩამოართვეს და 4 საათის განმავლობაში ბათუმის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.