საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ოქტომბრამდე არ აღდგება
რეგულარული საერთაშორისო ფრენები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 26 მარტს შეწყდა, მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ოქტომბრამდე არ აღდგება.
შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სამ ქვეყანაზე – გერმანიაზე, საფრანგეთსა და ლატვიაზე, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებში საქართველოდან და პირიქით, რეისები 2 აგვისტოდან სრულდება.
რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის თარიღი საქართველოს მთავრობამ უკვე ორჯერ გადაწია. თავდაპირველად, საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლება 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ფრენების აღდგენა სექტემბრამდე გადაავადა.
“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (30.09.20).
საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია),” – აღნიშნულია საქართველოს ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება დადგენილი განრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
რეგულარული ავიამიმოსვლა საქართველოში 2 აგვისტოდან ნაწილობრივ აღდგა. რიგა-თბილისის რეისს ავიაკომპანია airBaltic ასრულებს. პარიზი- თბილისის რეისზე AirFrance დაფრინავს, ხოლო თბილისსა და მიუნხენს შორის – Lufthansa.
• PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
• საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს მთავრობა 2 ალტერნატივას სთავაზობს: 2-კვირიანი კარანტინი ან PCR-ტესტირება
გერმანიის, საფრანგეთის და ლატვიის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისას ორკვირიანი კრანტინის გავლა არ სჭირდებათ.
კარანტინის გავლა სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
გერმანიის, საფრანგეთის და ლატვიის გარდა სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.
რაც შეეხება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების – wizzair-ის და ryanair-ის რეისების აღდგენას, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ბევრი რეისის და ადამიანთა დიდი ნაკადის მისაღებად ჯერ არ არის მზად.
“გამომდინარე იქედან, რომ covid-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან”, – აცხადებენ საქართველოს ავიაციის სააგენტოში.