საქართველოში ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ ფულს აშშ-ის და არაბეთის მოქალაქეები ხარჯავენ
საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან, მარტში ჩაიკეტა. თუმცა მანამდე, 2019 წელს, საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმმა ჯამში ქართულ ეკონომიკას 3.2 მილიარდი დოლარი მოუტანა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მოცემულია, თუ საშუალოდ რა თანხებს ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები ერთი ვიზიტის დროს საქართველოში.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტს ამერიკელები ხარჯავენ – ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3,813 ლარი; აშშ-ის მოქალაქეებს მოჰყვებიან არაბეთის (3,632 ლარი) და დიდი ბრიტანეთის (2,453 ლარი) მოქალაქეები.
სიაში რუსი ვიზიტორები მხოლოდ მეთექვსმეტე ადგილს იკავებენ – მათი საშუალო ხარჯი 1,282 ლარია.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, იმის გამო, რომ 2019 წელს ჯამურად უფრო მეტი რუსი ვიზიტორი შემოდიოდა, ვიდრე ამერიკელი – ეკონომიკის დამოკიდებულება რუს ვიზიტორებზე უფრო მაღალი იყო და 2.1 მილიარდ ლარს შეადგენდა.
შედარებისთვის, ამერიკელი ვიზიტორების ხარჯი საქართველოში 10-ჯერ ნაკლები იყო და სულ 227 მილიონ ლარი შეადგინა.
● 2019 წელს საქართველოში აშშ-დან შემოვიდა – 46 558 ტურისტი; საუდის არაბეთიდან – 75 155; არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან – 10 483; გაერთიანებული სამეფოდან – 37 478; ხოლო რუსეთიდან – 1 471 558 ვიზიტორი.
● 2020 წელს, საქართველომ, კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებული ტურიზმიდან 2.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.
● 2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა წლიურად 91%-ით შემცირდა.
● მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა.
_________________________________
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
● გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
● ლარსი. ვიწრო გზა საქართველოდან რუსეთისკენ
● ომისა და კორონავირუსის მიუხედავად, სომხეთში ტურიზმის გადარჩენას ცდილობენ
● მანდარინი, ზღვა და მთა – აფხაზურ ტურიზმს ახალი ლოგო აქვს. თუმცა, იგი ბევრს არ მოსწონს