მანდარინი, ზღვა და მთა - აფხაზურ ტურიზმს ახალი ლოგო აქვს. თუმცა, იგი ბევრს არ მოსწონს
აფხაზეთში ტურიზმის განვითარებისა და აფხაზეთის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გადაწყდა, რომ უნდა შეირჩეს ბრენდი, ლოგო, რომელიც აფხაზეთის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადი სიმბოლო გახდება.
ამ მიზნით ტურიზმის სამინისტრომ აფხაზეთის ტურისტული ლოგოს კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსს უკვე ჰყავს გამარჯვებული – ყველაზე მეტი ხმა როგორც ონლაინ, ასევე პროფესიული ჟიურის შეფასებით, სანქტ-პეტერბიურგელი დიზაინერის ლოგომ მიიღო.
გამარჯვებულ ლოგოზე ზღვა, მთები და მანდარინის ფორმის მზეა გამოსახული – ის, რითიც ზოგადად ცნობილია აფხაზეთი.
თუმცა, სოციალური ქსელის ბევრი მომხმარებელი, მათ შორის არქიტექტორები, მხატვრები, დიზაინერები, შერჩეულ ტურისტულ ბრენდს უარყოფითად აფასებენ – მასში ბევრი კლიშეა და იგი არ გამოხატავს აფხაზეთის მთელ ტურისტულ პოტენციალს, ფიქრობენ ისინი.
ხმის მიცემის შედეგების გამოცხადების შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა “Hara Hakalak” (ჩვენი ქალაქი), რომელშიც შედიან არქიტექტორები, დიზაინერები, მხატვრები, ინჟინრები, ურბანისტები, იურისტები და ჟურნალისტები, Facebook– ის გვერდზე დიდი აურზაური ატეხა. მათ სპეციალური წერილითაც მიმართეს სამინისტროს.
პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ბრენდის არჩევისას ”მნიშვნელოვანია ლოგოში არა კლიშეს მხარდაჭერა, არამედ მასში ჩვენი სამშობლოს სიმდიდრისა და მრავალფეროვნების ვიზუალიზაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განვითარებულ მრავალფეროვან კულტურას ასახავს”.
”ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაო უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროფესიულ გარემოში, დიდი გამოცდილების მქონე მარკეტინგულ კომპანიებს შორის, ადგილობრივ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროფესიონალები იმედოვნებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მათი აზრი გათვალისწინებული იქნება.
თავის მხრივ, ტურიზმის სამინისტრომ, კონკურსის შედეგები არ გააუქმა, თუმცა, პირობა დადო, რომ წარმოდგენილი ლოგო საბოლოოდ დაიხვეწება.
- მოსაზრება: აფხაზეთი – დროა, ანგარიში გავასწოროთ
- ტყვარჩელი – ქალაქი აფხაზეთში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის
- აფხაზეთი: საპენსიო სასჯელი