საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის საშუალებას იძლევა
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საქართველოს პრეზიდენტის ქმედებების სასამართლოში გაასაჩივრონ.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 15 დეპუტატი იყო. ცვლილების ინიციატივა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.
ცვლილებების მიხედვით, შესაბამის ორგანოს უფლება აქვს კონსტიტუციური სარჩელი შეიტანოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან საქართველოს წინააღმდეგ, თუ თვლის, რომ სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა ან განხორციელებული/არ განხორციელებული აქტი მთლიანად ან ნაწილობრივ არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ცვლილებები ორგანოებს შორის უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.
„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გამდიდრებას და გარკვევას კომპეტენციის რიგ საკითხებში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები პრეზიდენტის დასასჯელად ხდება.
„თქვენ ნერგავთ საქართველოს პრეზიდენტის დასჯის მექანიზმს“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოში ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩიხი შეიქმნა. კონსტიტუციის თანახმად, ელჩების დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. თუმცა, მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა უბრალოდ სიმბოლურად უნდა მოაწეროს ხელი დანიშვნებს, რადგან საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა და კანდიდატების შერჩევა ხელისუფლების კომპეტენციაა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სურდათ აღნიშნული საკითხის გამო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, თუმცა კანონის მიხედვით, პრეზიდენტის ქმედების ან უმოქმედობის გასაჩივრება შეუძლებელია.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ 15 მარტს გამოაქვეყნა ოთხგვერდიანი წერილი, სადაც წერია, რომ “პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს”. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა “იძულებული ხდება”, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
მმართველი გუნდის უკმაყოფილება პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლამ გამოიწვია, სადაც ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და სასესიო დარბაზში უკრაინის დროშებით შევიდა, მას თან ჰქონდა უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები. ზურაბიშვილმა დეპუტატებს ფეხზე ადგომა და მათი ყურება მოსთხოვა. ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებული თავშეკავებული პოლიტიკის გამოც.
● კონკრეტულად რას ედავებიან პრეზიდენტს?
● მიხეილ სააკაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინე სიტუაციის ძალიან ზუსტი დახასიათება