საქართველომ დროებით ჩაკეტა სახმელეთო საზღვარი რუსეთთან. მიზეზი - უამინდობა
რუსეთის საზღვარი ჩაიკეტა
უხვი ნალექის გამო დროებით წყვეტს მუშაობას საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, , ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
ძლიერი წვიმების შედეგად ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე თერგი და მდინარე დევდორაკი. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს რუსეთის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.
- რატომ არ უშვებენ რუს აქტივისტებსა და ჟურნალისტებს საქართველოში?
- ლარსი. ვიწრო გზა საქართველოდან რუსეთისკენ
საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საბაჟო კონტროლი დროებით შეჩერებულია. სამინისტრომ, უსაფრთხოების მიზნით, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან თანამშრომლებიც გაიყვანა.
ასევე ევაკუირებულები არიან მგზავრებიც. „ ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.