კობახიძე: ყველამ იცის, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას
საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამბობს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.
“მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ.”
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდებიან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამივე ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა. ეს პროცესი უკრაინის ომმა დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც და მათ ის უკვე შეავსეს კიდეც.