ევროკავშირისა და გაეროს 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმებს გმობენ
საქართველო რუსეთის თავდასხმებს გმობს
ევროკავშირისა და გაეროს წევრმა 50 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ერთობლივი განცხადებით დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერება და კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ გაკეთებული მუქარები.
განცხადება გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაავრცელა. დოკუმენტს მხარს უჭერენ უკრაინა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და სხვა პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის ავსტრალია, კანადა, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და საქართველო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 23-24 მაისის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანეს. დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმისას გამოყენებული იყო ასობით საჰაერო იარაღი, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
ქვეყნები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგა კიევს, სადაც განხორციელებული შეტევა “დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველად“ არის შეფასებული. განცხადების თანახმად, სერიოზულად დაზარალდა უკრაინის სხვა რეგიონებიც, ხოლო თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ.
ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია რუსეთის მიერ ქალაქ ბილა ცერკვაზე განხორციელებულ იერიშზე, რომლის დროსაც, დოკუმენტის მიხედვით, გამოყენებული იყო საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკი“, რომელიც ბირთვული ქობინების გადასატანად არის შექმნილი. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ბირთვული პოტენციალის მქონე რაკეტების გამოყენება “მიუღებელ ესკალაციას“ წარმოადგენს.
ქვეყნები გმობენ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა.
განცხადებაში ასევე მოწოდებაა დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ. დოკუმენტის ხელმომწერები ხაზს უსვამენ სამხედრო ტყვეების სრული გაცვლის, უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული და დეპორტირებული მოქალაქეების, მათ შორის უკრაინელი ბავშვების, უსაფრთხოდ დაბრუნების აუცილებლობას.
ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას წარმოადგენს და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსკოვს, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.
განცხადების ავტორები ასევე ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იურიდიული ძალა არ აქვს.
დოკუმენტში მხარდაჭერაა გამოხატული შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების და სხვა პარტნიორების ძალისხმევის მიმართ, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
განცხადების ბოლოს ქვეყნები გმობენ რუსეთის “ბოლოდროინდელ მუქარებს“ კიევში მოქმედი დიპლომატიური მისიებისა და საელჩოების მიმართ და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია.