რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
„დროა“ და რუსეთის განცხადება
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ ქვეყანაში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ორგანიზაციის „მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციაა“.
რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, „დროას“ წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან რუსეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზებას, მოითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტას.
რუსული უწყება ორგანიზაციას ასევე ადანაშაულებს იმაში, რომ იგი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს და მოსკოვს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, „დროას“ საქმიანობა მიმართულია „საქართველოს მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების მხილებაზე“, ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის დემონტაჟსა და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების იდეის პოპულარიზაციაზე.
უწყება პარტიის ლიდერს, ელენე ხოშტარიასაც აკრიტიკებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი „ქართულ ოცნებას“ პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისგან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს.
რუსეთის პროკურატურის შეფასებით, „დროა“ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას და საქართველოს „კარპატების რვიანში“ გაწევრიანებას ემხრობა.
რას პასუხობს “დროა”
„დროა“ რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები სწორედ იმ პოზიციებსა და საქმიანობას უკავშირდება, რომლებსაც პარტია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვად მიიჩნევს.
პარტიამ ჩამოთვალა ექვსი საკითხი, რის გამოც, მისი შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ ის არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიჩნევა; ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების მხილება; საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობა; ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების მხარდაჭერა; უკრაინის ხელისუფლებისა და საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა; ასევე, ელენე ხოშტარიას განცხადებები „ქართული ოცნების“ პრორუსული კურსისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხების შესახებ.
„ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!
ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!
ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!
საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
რა არის „კარპატების რვიანი“
„დროას“ მიერ ნახსენები „კარპატების რვიანი“ რეგიონული თანამშრომლობის ახალი ინიციატივაა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 სექტემბერს, დასავლეთ უკრაინაში გამართულ სამიტზე წარადგინა.
გაერთიანება მიზნად ისახავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სავაჭრო, უსაფრთხოების, ენერგეტიკული და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მასში რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი და ევროკავშირი შედიან.
სამიტზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარპატების რეგიონს შეუძლია, ევროკავშირის ენერგომომარაგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და მხოლოდ სატრანზიტო სივრცით არ შემოიფარგლოს. მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
ზელენსკის განცხადებით, ახალი ფორმატი ქვეყნებს შორის კავშირებს გააღრმავებს და ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობის დამატებით მყარ ჩარჩოს შექმნის.
პარტია “დროას” შესახებ
„დროა“ არის პროდასავლური, პროევროპული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2021 წელს სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ელენე ხოშტარიამ დააფუძნა.
პარტია საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლასა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგობას აყენებს.
„დროა“ მკვეთრად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და ხელისუფლებას პრორუსული კურსის გატარებასა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეფერხებაში ადანაშაულებს.
2021 წლის მარტში „დროა“ პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა, იმავე წლის აგვისტოში კი პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. ხოშტარიამ მანამდე „ევროპული საქართველო“ დატოვა, რომლის წევრიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო. მანამდე იგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ საქმიანობდა.
ხოშტარია 2007-2012 წლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2016-2022 წლებში კი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „დროა“ მონაწილეობდა ოპოზიციურ „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაერთიანებაში, რომელშიც ასევე შედიოდა „ახალი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება.“
პარტია აქტიურად მონაწილეობდა ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში და აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
ამჟამად ელენე ხოშტარია პატიმრობაში იმყოფება. 2025 წლის სექტემბერში იგი დააკავეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის – „რუსული ოცნება“ გაკეთების გამო. 2026 წლის მარტში სასამართლომ მას სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
