როგორ ცხოვრობს რუსული სოფელი, საიდანაც ყველა კაცი ომში წავიდა: ვალები სასურსათო მაღაზიებში და დათვები ქუჩებში
სამხედრო დიდების სოფელი რუსეთში

2026 წლის მარტში რუსეთში პირველად გაჩნდა „სამხედრო დიდების სოფელი“ – ეს სტატუსი კამჩატკის პატარა სოფელ სედანკას მიანიჭეს. სოფელში დაახლოებით 250 ადამიანი ცხოვრობს. ზრდასრული მამაკაცების ნახევარზე მეტი უკრაინაში ომში წავიდა, მათგან ბევრი უკვე დაიღუპა. ახალმა სტატუსმა სედანკას არც შეღავათები მოუტანა, არც რემონტი, არც სამუშაო ადგილები – მხოლოდ სიმბოლური „სიგელი“ სიღარიბის, ავარიული სახლების, ვალებისა და თითქმის სრული უპერსპექტივობის ფონზე.
“ნოვაია გაზეტა ბალტიას” რეპორტაჟი:
სედანკა შორეული სოფელია კამჩატკის საზომებითაც კი. პეტროპავლოვსკ-კამჩატსკამდე ჩასვლას დაახლოებით ათი საათი სჭირდება – ავტობუსით და ვერტმფრენით. ზაფხულში კი გზას ყველგანმავალით ორი დღე სჭირდება. ბევრი ადგილობრივი არასდროს ყოფილა არა თუ რუსეთის სხვა რომელიმე რეგიონში, არამედ რეგიონულ ცენტრშიც კი.
სოფელში ძირითადად კორიაკები და იტელმენები [ ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა_JAMnews] ცხოვრობენ – ჩრდილოეთის მცირერიცხოვანი მკვიდრი ხალხების წარმომადგენლები. თითქმის არავის აქვს საკუთარი სახლი. ადამიანები მუნიციპალურ სახლებში ან ხის ორსართულიან ბარაკებში არიან ჩაწერილი. შენობების უმეტესობა, მათ შორის სკოლაც, ავარიულია. ბევრ სახლში არ არის ცენტრალური გათბობა და წყალი. ხალხი შეშას თავად იმარაგებს, წყალს წყაროდან ეზიდება. საზოგადოებრივი აბანო ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიხურა. ზოგმა მოახერხა აბანოს გაკეთება, თუმცა უმეტესობამ – ვერ. ისინი ან მეზობლებთან ბანაობენ ან სახლში, ტაშტში.
ყოველ გაზაფხულზე სახლებში შავ-თეთრი ობის სოკო ჩნდება. ის კედლებზე, იატაკსა და ჭერზე იზრდება. ისეთი დიდია, რომ მცხოვრებლები დანით ჭრიან, კედლებს მარილის ძლიერ ხსნარს ასხამენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით შველის. ბარაკებში კანალიზაცია ხშირად სკდება, მილები დაჟანგებულია და წლებია არ შეკეთებულა. გაზაფხულსა და ზაფხულში სოფელში ჩნდება მყრალი გუბეები, საიდანაც წყალს სვამენ ცხოველები – მათი ხორცი კი შემდეგ ადგილობრივების საკვებად იქცევა. ნაგავი თვეებით არ გააქვთ. საკვების შეფუთვებს ღეჭავენ უპატრონო ძროხები, გარეული ცხენები და მშიერი დათვები.
საბჭოთა დროს, ადგილობრივების თქმით, სედანკა ცოცხალი სოფელი იყო. ქალები სამკერვალო საამქროში მუშაობდნენ და ირმის ტყავისგან ტრადიციულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს კერავდნენ. კაცები მუშაობდნენ მეურნეობაში, ფერმაში, თევზჭერის კოოპერატივებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საწარმოები დაიხურა, ახალმა წესებმა კი ნადირობა და თევზჭერა შეზღუდა. 2002 წლიდან სოფლის მოსახლეობა მესამედით შემცირდა. დარჩენილებისთვის მთავარი საქმე გადარჩენაა.
სამუშაო თითქმის არ არის. ვინც მოასწრო, საქვაბეში დასაქმდა. დანარჩენები შემთხვევითი სამუშაოებით, თევზაობით და იმით ცხოვრობენ, რასაც სახელმწიფო ბრაკონიერობას უწოდებს. სოფელს მდინარე ნაპანა კვებავს, მაგრამ თევზის დასაჭერად კვოტაა საჭირო. ტუნდრაში ხალხი კენკრას და სოკოს აგროვებს. ეს აქ ფოლკლორი ან „ტრადიციული კულტურა“ კი არ არის, არამედ შიმშილისგან თავის გადარჩენის გზა.
შემოსავლის ახალი წყარო სედანკასგან ძალიან შორს გაჩნდა – ომში.
18 წელს ზემოთ 67 კაციდან 52 უკრაინაში საომრად წავიდა. 19 დაიღუპა. მათი დედები და ცოლები მამაკაცის დახმარების გარეშე დარჩნენ, რაც ასეთ პირობებში განსაკუთრებით მძიმეა: შეშის დაჩეხვა, წყლის მოტანა, ღუმლის, გაყვანილობის ან სახურავის შეკეთება. ახლა ამისთვის ხშირად მეზობლებისთვის ფულის გადახდა უწევთ.
კამჩატკის გუბერნატორმა ვლადიმირ სოლოდოვმა სედანკაში ვიზიტის შემდეგ დაწერა: „კამჩატკა ძლიერი ადამიანების მიწაა. აქ თითოეულ ოჯახში სიმამაცის ისტორია ცხოვრობს“. შემდეგ მან სედანკისთვის „სამხედრო დიდების სოფლის“ სტატუსის მინიჭება შესთავაზა. 2026 წლის მარტში რეგიონულმა პარლამენტმა ინიციატივა დაამტკიცა. ასე შეიქმნა ფაქტობრივად ახალი სტატუსი – „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დამსახურებისთვის“.
მაგრამ როცა სვეტლანა ზახაროვამ, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ქვრივმა და ოთხი შვილის დედამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროში იკითხა, რას აძლევდა ეს სტატუსი სოფელს, მისი თქმით, ასეთი პასუხი მიიღო: კარგი საქმე გააკეთეთ, მხარზე ხელი დაგკრეს და სიგელი გადმოგცეს. სიგელი არის თქვენი ჯილდო.
ომი როგორც სოციალური ლიფტი
გრიგორი კოტის მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს: ბავშვობაში მიღებული ტრავმის შემდეგ სხეულის მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს. ის 71 წლის დედასთან ერთად ძველ ხის სახლში ცხოვრობს. მისი უმცროსი ძმა, ევგენი ანტონოვი, ცხოვრებაში ვერ მოეწყო: ხან შავ მუშად მუშაობდა, ხან საქვაბეში, მერე სვამდა და სამსახურს კარგავდა.

2023 წლის ზამთარში ევგენიმ ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა. ოჯახს ამის შესახებ თითქმის ბოლო მომენტში უთხრა. ერთი წლის განმავლობაში ის რამდენჯერმე დაიჭრა და სახლში შვებულებით გაუშვეს. რომ დალევდა, ძმას ეუბნებოდა: „გრიშკა, ჩემი ადგილი ვიპოვე. იქ კარგად ვარ“. მას პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში სამსახურის გაგრძელებას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა: „იქ ჩემი ოჯახია, ძმები არიან. იქ უკვე მივეჩვიე“.
„მას უკვე ომის გარეშე აღარ შეეძლო“, – ამბობს გრიგორი.
2024 წლის სექტემბერში ევგენი კონტაქტზე აღარ გამოვიდა. თავდაპირველად ოჯახს უთხრეს, რომ ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა. შემდეგ შესთავაზეს, დაღუპულად ეცნოთ, რათა კომპენსაცია მიეღოთ. დედა და ძმა დიდხანს უარს ამბობდნენ: „სანამ არ იპოვიან, არ ვაღიარებთ“. მაგრამ უპასუხეს: „იქ მას უკვე ვერ იპოვით“. ოჯახი დათანხმდა.
გრიგორის თქმით, კომპენსაცია რვა მილიონი რუბლი ($112 400) იყო. დედამ თანხა ოთხ შვილს გაუყო. გრიგორიმ პირველ რიგში სასურსათო მაღაზიების ვალები დაფარა: 400, 300 და 200 ათასი რუბლი ($5620 – $2810)
სედანკაში თითქმის მილიონი რუბლის პროდუქტის ვალი გამონაკლისი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია. კამჩატკაზე საკვები ძვირია, შორეულ სოფლებში კი განსაკუთრებით. ლიტრი რძე 320 რუბლი ($4.50) ღირს, ათი კვერცხი – 280 ($3.95), ქათამი – 480 რუბლი ($6.75) კილოგრამი.
„პენსიები პატარაა, სამუშაო არ არის. იღებენ ვალს ხელფასამდე, მერე აბრუნებენ და ისევ ვალს იღებენ“, – ამბობს კოტი.
ყოფილი ადგილობრივი დეპუტატი ანდრეი ანტონოვი ამბობს, რომ ასეთი ვალების წიგნები თითქმის ყველა მაღაზიას აქვს. გამყიდველები ვალს წერენ, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობს და ადამიანი მაღაზიაში კომფორტისთვის კი არა, ბავშვების საჭმლისთვის მიდის.
ძმის სიკვდილისთვის მიღებული ფულით გრიგორიმ მოტოციკლი იყიდა, რათა დედა მაღაზიაში წაიყვანოს და წყალი მოიტანოს. მაგრამ სახლი იგივე დარჩა: 1953 წელს აშენებული, დამპალი, სოკოთი სავსე. დაპირებული რემონტის შემდეგ მუშებმა, მისი თქმით, მხოლოდ იაფი კოსმეტიკური სამუშაო ჩაატარეს: დამპალ მორებში პლასტმასის ფანჯრები ჩასვეს და კედლები თაბაშირმუყაოთი დახურეს. „ახლა იქ სინესტე იქნება და სოკო მთელ სახლში გავრცელდება“, – ამბობს ის.

დათვები, დაკრძალვები და მეორე შვილი ფრონტზე
ანა კოერკოვა სკოლაში მზარეულად მუშაობს. სამსახურში ჯერ კიდევ სიბნელეში გადის და გარშემო იყურება: სედანკაში დათვები ხშირად ჩნდებიან. ერთი პირდაპირ მის აივანთან, ძაღლის გვერდით იდგა. მეორე დღისით მაღაზიასთან გამოვიდა, სადაც ქალები იდგნენ. რამდენიმე წუთში ის მოკლეს.
კამჩატკის სხვა სოფლებში არიან მონადირეები, რომლებიც საშიშ დათვებს აკონტროლებენ და ზოგჯერ უბრალოდ ცდილობენ, დასახლებიდან გააძევონ. სედანკაში ასეთი სპეციალისტები არ არიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ დათვები შიმშილის გამო მოდიან. მდინარეებში თევზი მცირდება, საკვების ნარჩენებიანი ნაგავსაყრელები კი ცხოველებს ადამიანებთან იზიდავს.
ანას სახლიც ავარიულია: აივანი ირყევა, იატაკი გადახრილია, აბაზანასა და ტუალეტში დიდი ხვრელებია, სოკომ ახალი საფარიც შეჭამა. ელექტროგაყვანილობა ხშირად ბოლავს.
2022 წელს ანას ქმარი, ვლადიმირ აკეევი, რომელიც შემთხვევითი სამუშაოებით და სეზონური თევზაობით ცხოვრობდა, ფრონტზე წავიდა. შვებულებაში ოჯახს მოსკოვიდან საჩუქრები ჩამოუტანა, რადგან იქ ყველაფერი ბევრად იაფია: ტელევიზორები, ლეპტოპები, შვილიშვილებისთვის ველოსიპედები, ცოლისთვის ტანსაცმელი და სამკაულები. ეს მისი პირველი და ბოლო შვებულება აღმოჩნდა. 2024 წლის ოქტომბერში ვლადიმირი დაიღუპა.

ანამ ეს მხოლოდ მეოთხე დღეს გაიგო. სოფელში ბევრმა უკვე იცოდა, მაგრამ თქმა ეშინოდათ. ამბავი უფროსმა შვილმა უთხრა. ვლადიმირი დახურულ კუბოში დაკრძალეს. მეთაურმა უთხრა: „იქ ნამდვილად თქვენი ქმარია, კუბო ჩვენ თვითონ დავხურეთ“.
მამის დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში, ფრონტზე წავიდა ანას უფროსი შვილიც, 25 წლის ივანე. სედანკაში მას სამსახური ჰქონდა: კანალიზაციას ტუმბავდა. მაგრამ ნასამართლევი იყო, ფრონტი კი ნასამართლობის მოხსნის გზად იქცა. დედის თქმით, სამხედრო კომისარიატიდან დაურეკეს და უთხრეს: „ის უკვე აღარ არის დამნაშავე. ნასამართლობა მოეხსნა“.
ქმრის დაღუპვისთვის მიღებული ფულით ანამაც პირველ რიგში ვალები დაფარა – 1,3 მილიონი რუბლი სასურსათო მაღაზიებში. შემდეგ შვილებს მოტოციკლი და კვადროციკლი უყიდა. უმცროსი, 15 წლის ალექსანდრის წილს არ შეეხო: როცა გაიზრდება, უნდათ ქალაქში გადასვლა სცადონ.
ახლა ანა ისევ ზარის მოლოდინში ცხოვრობს – ამჯერად შვილისგან. დამამშვიდებლებს სვამს, ცუდად სძინავს და მუდმივად ტირის.
„მხარდაჭერა ლამაზად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს“
სვეტლანა ზახაროვა, იტელმენი, ოთხი შვილის დედა, 2023 წელს ყოფილ ქმარს, ალექსანდრ ჩევვინს, გამოემშვიდობა. ისინი განქორწინებულები იყვნენ, მაგრამ ერთად ცხოვრობდნენ. ალექსანდრი საქვაბეში ოსტატად მუშაობდა, შემდეგ კი თანასოფლელებთან ერთად ფრონტზე წავიდა. შვილები და მოხუცი დედა მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, მაგრამ მას სურდა, შვილის თვალში „გმირი“ ყოფილიყო.
ფრონტიდან ის სვეტლანას ურეკავდა და ფულს სთხოვდა: ბენზოხერხისთვის, მანქანისთვის, თერმოელექტროგენერატორისთვის. ოჯახი აგროვებდა და უგზავნიდა. „პრეზიდენტი ამბობს: მებრძოლების მხარდაჭერა, ოჯახების მხარდაჭერა. ეს ლამაზად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს“, – ამბობს ზახაროვა.
2023 წლის ივლისში ჩევვინი დონბასში, ნიკოლსკოესთან დაიღუპა. ოფიციალურად დაღუპულად ის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღიარეს. ნეშტის კამჩატკამდე ჩამოტანას კიდევ თითქმის ერთი წელი დასჭირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კუბოში მთელი სხეული კი არა, მხოლოდ ფეხის ფრაგმენტი იყო. დაღუპულის დედა დათანხმდა, ეს მაინც დაეკრძალათ: ვერ იტანდა ფიქრს, რომ შვილის ნეშტი დაუკრძალავი იდო.

სედანკის კულტურის სახლში გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოაწყვეს: კუბო, სიტყვები მიკროფონთან, რუსეთის დროშა, კამუფლაჟში ჩაცმული სკოლის მოსწავლეები კუბოსთან. მაგრამ რიტუალის მიღმა სულ უფრო ხშირად რჩება სიცარიელე. ზახაროვას თქმით, ადრე სოფელი თითქმის მთლიანად პუტინს აძლევდა ხმას. ახლა ადამიანები ხელს იქნევენ: „არაფერი კარგი არ იქნება“. სოფელში, ამბობს ის, ბევრი იმედგაცრუება და გლოვაა. ხალხი დუმს და აღარაფრის სჯერა.
მკვიდრი ხალხები კანონს, კვოტებსა და ჯარიმებს შორის
ჯერ კიდევ 2020 წელს ზახაროვამ სედანკაში მოხალისეთა მოძრაობა შექმნა: პენსიონერებს შეშით და რემონტით ეხმარებოდნენ. მერე მიხვდა, რომ მხოლოდ ფიზიკური დახმარება საკმარისი არ იყო – უფლებამოსილება სჭირდებოდა. ადგილობრივ დეპუტატად აირჩიეს და სოფლის საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
ზახაროვა პროკურატურასა და ადმინისტრაციას წერდა, ითხოვდა სახლების შეკეთებას, სოკოს, ავარიული საცხოვრებლისა და კანალიზაციის პრობლემების მოგვარებას. მისი თქმით, პასუხები ან ფორმალური იყო, ან საერთოდ არ მოდიოდა. რაიონული პარლამენტის სხდომებზე მას განსაკუთრებით აღიზიანებდა საჩვენებელი ბიუროკრატია: ადამიანები ჩაის სვამდნენ და ისე აძლევდნენ ხმას, როგორც глава ეტყოდათ. როცა ეროვნული სოფლების საკითხს აყენებდა, უყვიროდნენ: „არაფრის თქმა არ არის საჭირო“.
ცალკე თემაა მკვიდრი მცირერიცხოვანი ხალხების უფლებები. ზახაროვა მიიჩნევს, რომ კამჩატკაზე ფედერალური გარანტიები ფაქტობრივად არ მუშაობს. ფორმალურად ხელისუფლება თევზჭერის კვოტებს აწესებს. 2025 წელს ეს იყო 200 კილოგრამი თევზი წელიწადში ერთ ადამიანზე. მაგრამ სედანკის მცხოვრებლები თავად ნებართვების სისტემას მიიჩნევენ უფლებების დარღვევად: მათთვის თევზაობა მოგებისთვის საქმიანობა კი არა, ტრადიციული ცხოვრების ნაწილია.
„ჩვენ ნერესტის მდინარე ნაპანაზე ვცხოვრობთ, მაგრამ მასზე წვდომას გვიზღუდავენ“, – ამბობს ზახაროვა. მისი თქმით, ტრადიციული ბუნებათსარგებლობის ტერიტორიები კერძო თევზმომპოვებელ კომპანიებს გადაეცათ, ადგილობრივებს კი საკუთარი საგვარეულო სათევზაო ადგილებიდან აძევებენ და აჯარიმებენ.
გრიგორი კოტიც დაუკავებიათ ინსპექტორებს თევზაობისას. ის პირდაპირ უხსნიდა: პენსია პატარაა, სამუშაო არ არის, რა ვჭამო? ინსპექტორები ეთანხმებოდნენ – და მაინც აჯარიმებდნენ.
ანდრეი ანტონოვი ამას მკვიდრი ცხოვრების წესის ნგრევას უწოდებს: თევზისთვის ჯარიმები უზარმაზარია, რამდენიმე თევზი კი შეიძლება სისხლის სამართლის საქმედ იქცეს. ადამიანები, რომლებსაც ოჯახების გამოსაკვებად სხვა გზა არ აქვთ, საკუთარ მიწაზე ბრაკონიერებად იქცევიან.
ძეგლი პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად
2022 წელს ზახაროვამ ტიგილის რაიონის მკვიდრი მცირერიცხოვანი ხალხების ასოციაცია დააარსა. ის ხელისუფლებაში მკვიდრი ხალხების წარმომადგენლობისთვის იბრძვის, მაგრამ ამბობს, რომ ჩინოვნიკები მათ სხდომებზეც არ იწვევენ. როცა აქტივისტები თვითონ მიდიან და ფედერალური კანონების შესახებ კითხვებს სვამენ, პასუხად ესმით, რომ ისინი „ხელისუფლების დისკრედიტაციას“ ეწევიან.
ადგილობრივი ჩინოვნიკები საჯაროდ ამბობდნენ, რომ ომის მონაწილეთა ოჯახებს ეხმარებიან: შეშით, რემონტით, ყოველდღიური პრობლემების მოგვარებით. ზახაროვა ამტკიცებს, რომ ეს ტყუილია. მისი თქმით, სედანკაში არავინ გაუგზავნიათ, შეშა კი მხოლოდ ერთხელ, ერთი წლის შემდეგ, ერთჯერადი აქციის სახით მიიტანეს. მან სოფლის მცხოვრებლების წერილობითი განცხადებებიც შეაგროვა, რომ დაპირებული დახმარება არ მიუღიათ.

ამავე დროს, 2024 წელს სედანკაში უკრაინის ომის მონაწილეების ძეგლი დადგეს. „კი, ლამაზი ძეგლია. მერე რა გვაძლევს?“ – ამბობს ზახაროვა. მისი თქმით, ხალხს სჭირდება საცხოვრებელი, თევზაობაზე წვდომა და სამუშაო. ომის მონაწილეები ბრუნდებიან, მაგრამ სამუშაო არ არის.
თავად ზახაროვა ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს. ის მიიჩნევს, რომ ეს მისი აქტიურობის გამო მოხდა. მისი თქმით, ზეწოლა დაიწყო მათზეც, ვინც მას უჭერდა მხარს: ამცირებდნენ ომის მონაწილეების ცოლებსაც, რომლებიც დახმარების არქონაზე საუბრობდნენ.
ახლა სვეტლანა სკოლაში სოციალურ პედაგოგად მუშაობს და „СВО-ს მუზეუმით“ არის დაკავებული – აგროვებს სედანკის დაღუპული მცხოვრებლების ბიოგრაფიებს. მისი მდგომარეობა პარადოქსულია: ის ერთდროულად არის ომის მონაწილის ქვრივი, ადამიანი, რომელიც სკოლაში „გმირების კუთხეს“ აკეთებს, და აქტივისტი, რომელსაც, მისი თქმით, ФСБ-თი და „დისკრედიტაციის“ ბრალდებებით აშინებენ.
ადრე, მისივე სიტყვებით, ის „პუტინს აღმერთებდა“ და სჯეროდა, რომ კანონი და კონსტიტუცია დაიცავდა. ახლა ამბობს: „არაფერი გამოვიდა“.
როცა სედანკა სამხედრო დიდების სოფლად გამოაცხადეს, თავად სოფელში არანაირი საზეიმო ღონისძიება არ ყოფილა. მცხოვრებლებმა უბრალოდ გაიგეს, რომ ეს სადღაც შორს გადაწყდა. პოზიტიური ცვლილება არ მომხდარა. თუ არ ჩავთვლით, რომ ერთ ბარაკში სახურავის შეკეთება დაიწყეს.
რემონტის მოთხოვნაზე ჩინოვნიკები ზოგჯერ ამბობენ, რომ სოფელს „მალე დახურავენ“. ანუ უფრო მარტივია ხალხის სხვაგან გადასახლება, ვიდრე ადგილზე ინფრასტრუქტურის აღდგენა. ზახაროვასაც თავიდან, ყოფილი ქმრის დაღუპვის შემდეგ, წასვლა უნდოდა. მაგრამ გადაიფიქრა.
„მინდა აქ, სოფელში, სახლი ავაშენო. სედანკაში დავიბადე. მინდა ვიბრძოლო და ჩვენი სოფელი შევინარჩუნო“, – ამბობს ის.
სახელმწიფოსთვის სედანკა სამხედრო დიდების სიმბოლო გახდა. მისი მცხოვრებლებისთვის კი ეს არის ადგილი, სადაც ომმა კაცები წაიყვანა, ოჯახებს ვალების დასაფარად ფული მისცა და ვერ მოაგვარა არც ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კაცები საერთოდ წავიდნენ.
exchange