აფხაზეთში კომერციული ობიექტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 40%-ით გაიზრდება. თუმცა, გაძვირება მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის პერიოდს შეეხება, იმ დროს, როდესაც ენერგოდეფიციტის დასაფარად სოხუმს ელექტროენერგიის იმპორტი უწევს.
აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთი წყარო ენგურჰესია. დაახლოებით ნოემბრიდან მარტ-აპრილამდე, მდინარე ენგურში წყლის დონის კლების გამო, ჰესის გამომუშავება მცირდება. ამავე პერიოდში კი აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რაც ენერგოსისტემას დამატებით ტვირთად აწვება.
2025 წელს აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ გამომუშავებას ნახევარი მილიარდი კილოვატსაათით გადააჭარბა. დეფიციტი რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიით შეივსო. მისი ნაწილი აფხაზეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით, უფასოდ გადაეცა, დარჩენილი მოცულობის შეძენა კი საბაზრო ფასად გახდა საჭირო.
რუსული ელექტროენერგია აფხაზეთისთვის ძვირადღირებული რესურსია: მისი შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ სამომხმარებლო ტარიფებს.
ამჟამად მოსახლეობა ელექტროენერგიის ერთ კილოვატსაათში 2 რუსულ რუბლს (დაახლოებით 2 ცენტს) იხდის, იურიდიული პირებისთვის მოქმედი ტარიფი კი 3 რუბლია (დაახლოებით 3 ცენტი). რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასური, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 5.5 რუბლს (დაახლოებით 6 ცენტს) შეადგენს კილოვატსაათზე.
სწორედ ამ სხვაობის დასაფარად გადაწყდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, სახელმწიფო იძულებულია, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის შედარებით დაბალი ფასი შეინარჩუნოს, თუმცა კომერციული სექტორისთვის სხვა მიდგომა უნდა მოქმედებდეს.
„როდესაც ელექტროენერგიას 5.5 რუბლად ვყიდულობთ და მოსახლეობას 2 რუბლად ვაწვდით, ეს სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია.
მაგრამ კომერციული საწარმოებისა და დაწესებულებებისთვის, ანუ იქ, სადაც ბიზნესი ფულს შოულობს იმ პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიას ვყიდულობთ, ტარიფი იმ ფასს უნდა შეესაბამებოდეს, რომლითაც თავად ვიძენთ ელექტროენერგიას“, – განაცხადა გუნბამ.
მან მთავრობას დაავალა, ახალი მიდგომა რესპუბლიკის სატარიფო პოლიტიკაში ასახოს.
აფხაზეთის ხელისუფლება ენერგოდეფიციტის შემცირებას კომერციული ობიექტების მიერ მზის პანელების გამოყენების ვალდებულების შემოღებითაც გეგმავს.
ინიციატივის მიზანია ენერგოსისტემაზე პიკური დატვირთვის შემცირება და ბიზნესობიექტებისთვის ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროების შექმნა.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას