საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ღამის კლუბები არ გაიხსნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ღამის კლუბები არ გაიხსნება. საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მიზეზი “ომიკრონის” შტამის გავრცელებაა.
მისივე განმარტებით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა “ომიკრონის” შტამი და კიდევ მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. აქედან გამომდინარე, პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ძალიან მაღალია.
“შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ანუ ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით დღეს არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები და და გაუქმებები მოქმედებს”, – ამბობს ღიბრაძე.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ღიბრაძემ ისაუბრა იმ შემთხვევებზეც, თუ კლუბები თვითნებურად გაიხსნებოდნენ. როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, საქართველოში არის კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანასწორია:
“კანონი ამბობს, რომ აკრძალულია აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება.”
● საქართველო: ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● შრომის ინსპექცია მოუწოდებს რესტორნებს, არ გაუკეთონ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს სწრაფი ტესტი
საქართველოში ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული ამ დრომდე არ არის. უკვე რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ. შრომის ინსპექციამ მაშინ განაცხადა, რომ სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიის ფონზე მუშაობენ უსაფრთხოების პროტოკოლზე. თუმცა, საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნაზე დღეს ისევ უარი განაცხადა.
პროფკავშირების ინფორმაციით, საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე არიან.