საქართველო: ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა.
ფაიზერის ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელია მეორე დოზის გაკეთებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, ხოლო სინოვაკითა და სინოფარმით აცრილებისთვის ბუსტერ დოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინის მეორე დოზიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავების მთავარ მიზეზად გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი, 36.8% ვაქცინის გვერდით მოვლენებს ასახელებს.
გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც ვაქცინა გაიკეთა და რაიმე სახის გვერდითი მოვლენა ჰონდა, მოსახლეობის 37.2%-ს შეადგენს. გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად დაღლილობა, ლოკალური ტკივილი და სიცხე სახელდება.
● საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების ფაიზერის ვაქცინით აცრა დაუშვეს
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● 1 დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე სტატუსი” ამოქმედდა. რა იცვლება – დეტალური გიდი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ. თუმცა, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა და ის ჩამოწერეს.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა. თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 4 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება. თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. მწვანე პასპორტები შემოიღო, ვაქცინაციის ტემპი ისევ გაიზარდა.
7 დეკემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 251 150 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 205 262 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 42.4%, სრულად ვაქცინირებულია 1 023 779 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.8%.