შრომის ინსპექცია მოუწოდებს რესტორნებს, არ გაუკეთონ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს სწრაფი ტესტი
საქართველოს შრომის ინსპექცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს რესტორნებს, არ გაუკეთონ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს სწრაფი ტესტი, რადგან, მათი განმარტებით, ტესტის აღებაზე უფლებამოსილება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას გააჩნია.
განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს მწვანე სტატუსი, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.
“შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი”, – ნათქვამია განცხადებაში.
● როგორ მუშაობს ქართული კოვიდ-პასპორტი და რა გვჭირდება სამოგზაუროდ
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● 1 დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე სტატუსი” ამოქმედდა. რა იცვლება – დეტალური გიდი
საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ (იგივე, „მწვანე სტატუსის“) კონცეფცია ამოქმედდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ „მწვანე სტატუსი“ არ გაქვთ, ანუ, არ ხართ აცრილი ორი დოზით, არ გაქვთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი, ან არ გაქვთ გადატანილი კოვიდი, კაფე-რესტორნებში, კაზინოებში, კინო-თეატრებსა და სხვა, მთელ რიგ ობიექტებში, ვეღარ შეხვალთ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტი ენიჭება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე გადაუტანია კორონავირუსი, მაშინ როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა ძირითადად “მწვანედ” ცნობს იმ პირს, რომელმაც ბოლო 6 თვეში გადაიტანა ვირუსი.
უვადო მწვანე პასპორტი გააკრიტიკა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც. მისი თქმით, ის არ ელის, რომ ე.წ “მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ნელ-ნელა ძალებს იკრეფს ანტივაქსერული მოძრაობა. 5 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, მათ მრავალათასიანი აქცია გამართეს, სადაც “მწვანე პასპორტები” გააპროტესტეს.
