საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. რა სისტემით ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას 150 დეპუტატიდან 119 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან პროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 3, ერთმა კი თავი შეიკავა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ”. ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და კახა ოქრიაშვილმა. თავი კი ნატო ჩხეიძემ შეიკავა.
საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 30 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება – პარტიას, რომელიც ამომრჩევლის 40 პროცენტიან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, არ ექნება ერთპარტიული მთავრობის დაკომპლექტების უფლება.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, 2020 წელს ის ერთპროცენტიანი იქნება ანუ პარლამენტში დეპუტატის გაყვანის შანსი აქვს იმ პარტიასაც, რომელიც ამომრჩევლის ერთპროცენტიან მხარდაჭერას მიიღებს.
“მოვახერხეთ, რომ ცვლილებები მიგვეღო, რაც არის მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია და განცდა მაქვს, რომ მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მე და ჩემმა კოლეგებმა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საშუალება არ მივეცით ჩაგდების, რისი მცდელობაც ჰქონდათ. ეს ცვლილებები კარგია ქვეყნისთვის, რომ შემდეგ პარლამენტი იყოს დაბალანსებული“, – ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.
- 120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
- რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ კონსტიტუციას მეტი პოლიტიკური წონა ექნება, თუ მას ყველა ოპოზიციური პარტია დაუჭერს მხარს და მესამე კენჭისყრაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და ოპოზიციონერი აქტივისტი და ტელეკომპანია მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
„ივანიშვილს არ აქვს არავითარი პოლიტიკური რესურსი, რომ მეორეჯერ გაბედოს საერთაშორისო პარტნიორების, საკუთარი ხალხის მოტყუება და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კონსტიტუცია ფაქტობრივად მიღებულია. დარჩა მესამე კენჭისყრა, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მესამე მოსმენით კენჭისყრაში იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება შესრულდება მთლიანად. დარჩა ერთი პატარა ნაბიჯი გადასადგმელი, ივანიშვილმა გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური წონა და ძალა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით განხილვის შემთხვევაში. ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენს დამოკიდებულებაში, ვართ ჩვენი იდეებისა და პოზიციის ერთგული“, – ამბობს რომან გოცირიძე.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კანონად რომ იქცეს, ამისთვის ის სამ მოსმენაზე უნდა გავიდეს და თითოეული მოსმენის დროს სულ მცირე 113 ხმა მიიღოს.
პირველ კენჭისყრაზე ცვლილებების მიღებას მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის იყო “ევროპული საქართველოს” 20 დეპუტატიც.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, საარჩევნო მოდელი 120/30 2024 წლამდე იმოქმედებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.