საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებები: დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი
საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. მათი თქმით, საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმაზე დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი მხოლოდ პარლამენტია.
როგორც ქვეყნების საგარეო უწყებები აცხადებენ, “საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში უნდა დარჩეს”.
მათი თქმით, ასეთი დისკუსიისთვის სწორედ პარლამენტია შესაფერისი ადგილი, რადგან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას – წერია განცხადებაში.
● ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ
საგარეო უწყებების ხელმძღვანელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერასაც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს.
„საქართველო რეგიონალური გამოწვევების წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ქვეყნის ერთიანობას. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან იყვნენ პარტნიორები იმ დემოკრატიულ გზაზე, რომელიც საქართველომ აირჩია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მოუწოდებენ, დემოკრატიული რეფორმის გზაზე სვლა განაგრძოს.