რუსმა ჟურნალისტმა ქალმა, რომელსაც ხელისუფლება დევნიდა, პოლიციის შენობის წინ თავი დაიწვა
Slug: რუსეთი ჟურნალისტი თვითმკვლელობა სლავინა
Meta: ირინა სლავინა გარდაიცვალა. Facebook–ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან თავის სიკვდილში სახელმწიფო დაადანაშაულა
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი სამმართველოს შენობასთან, ადგილობრივმა ჟურნალისტმა თავი დაიწვა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“ნოვაია გაზეტას” ცნობით, დაღუპული ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემა Koza. Press -ის მთავარი რედაქტორი ირინა სლავინაა.
თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სლავინა ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდა პოსტი: ” გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ “.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სლავინას ახლობლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ხალხმა ყვავილების მოტანა დაიწყო. შსს-ს შენობა და მეტროდან გამოსასვლელები პოლიციის მიერ არის გარშემორტყმული.
“ნოვაია გაზეტას” ცნობით, სლავინას სამართალდამცავი ორგანოები დევნიდნენ. წინა დღეს მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა „არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ“ საქმის ფარგლებში.
როგორც თავად სლავინა ჰყვებოდა, დილის 6 საათზე მის ბინაში 12 ადამიანი მივიდა.
”მე შიშველი ვიყავი და ვიღაც უცნობი ქალის მეთვალყურეობის ქვეშ ვიცვამდი, – წერდა სლავინა. მას ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს და მისი და ოჯახის პირადი ტექნიკა ჩამოართვეს, – მე დავრჩი წარმოების საშუალებების გარეშე”.
ჟურნალისტი რამდენჯერმე დააჯარიმეს “ხელისუფლებისადმი უპატივცემულობის” და უკანონო აქციებში მონაწილეობის მუხლებით, Facebook- ში გამოქვეყნებული პოსტებისა და მოკლული ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის ხსოვნის აქციის ორგანიზებისთვის.