შამანს, რომელიც პუტინის “განდევნას” აპირებდა, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნეს
რუსეთის იაკუტიის რეგიონის მცხოვრები ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც საკუთარ თავს ”შამანს” და ”თეთრ ჯადოქარს” უწოდებს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ”გაძევებას” ჰპირდება, იძულებითი მკურნალობისთვის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში გაგზავნეს. ასეთი გადაწყვეტილება, რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, ქალაქ იაკუტსკის სასამართლომ 2 ივნისს მიიღო.
მისი ჰოსპიტალიზაციის ვადა დადგენილი არ არის. კლინიკის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ გაბიშევის იძულებით მოთავსებას კლინიკაში, რადგან, მათი აზრით, შამანს ” საკუთარი პიროვნების გადაჭარბებული შეფასება” აწუხებს.
- რუსეთში გრძელდება ნადირობა ადამიანზე, რომელმაც „პუტინის განდევნას“ პირობა დადო
- ჟურნალისტების დაკავება მოსკოვში – მათ კოლეგის მხარდასაჭერად აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს
- რუსეთში დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, ოჯახისთვის ბავშვების წართმევას აპირებენ
”ექიმები ამას ასაბუთებენ გაბიშევის იდეებით იმის შესახებ, რომ ის აპირებს “დააზიანოს მთავრობა და დაამხოს პუტინი, რადგან ის დემონი და ანტიქრისტეა“ და ასევე სამართლიანად არჩეული ხელისუფლების დამხობას ითხოვს”, – ამბობს უფლებადამცველი ალექსეი პრიანიშნიკოვი, რომელიც პროცესს ესწრებოდა.
სასამართლო სხდომამდე, იაკუტსკის მერმა, სარდანა ავქსენტიევამ გაბიშევს მხარდაჭერა გამოუცხადა და შამანის დევნას “შერჩევითი დასჯა” უწოდა. მისი აზრით, თუ სარჩელი დაკმაყოფილდა, ”ამან შესაძლოა გააცოცხლოს პრაქტიკა, როდესაც “პიროვნების გადაჭარბებით შეფასების” საფუძველზე ნებისმიერ პირს იძულებითი მკურნალობა შეიძლება დაენიშნოს.”
თავად შამანი გადაწყვეტილებას მშვიდად ელოდა. ”თუ სასამართლო პროცესს ნეგატიური შედეგი მოჰყვა, ეს არ არის დასასრული, ვინც ქარს დათესავს ქარიშხალს მოიმკის,” – გადმოსცემენ გაბიშევის სიტყვებს უფლებადამცველები.
ალექსანდრ გაბიშევმა, რომელიც თავის თავს შამანს უწოდებს, 2019 წელს იაკუტიიდან მოსკოვისკენ ლაშქრობა წამოიწყო. მისი თქმით, მას ჯადოქრობის დახმარებით “პუტინის განდევნა” სურდა. გაბიშევი თავს თეთრ ჯადოქარს უწოდებს, რომლის მოწოდება ამჟამინდელი პრეზიდენტის “დემონური მმართველობისგან” რუსეთის გათავისუფლებაა.
შამანი 2019 წლის სექტემბერში დააკავეს, როდესაც იგი ციმბირის გზებით მოსკოვისკენ უკვე ექვსი თვის განმავლობაში მიდიოდა. იგი იაკუტიაში გაგზავნეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს.
“სადამსჯელო ფსიქიატრია” აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირში, როდესაც რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ყალბი დიაგნოზების საფუძველზე იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ათავსებდნენ.