ჟურნალისტების დაკავება მოსკოვში - მათ კოლეგის მხარდასაჭერად აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს
რამდენიმე რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს 28 მაისს მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების შენობასთან. “ნოვაია გაზეტა”- ს ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში “ნოვაია გაზეტას” სპეციალური კორესპონდენტის, ილია აზარის მხარდასაჭერად, რომელიც ერთკაციანი პიკეტის დროს დააკავეს.
აზარი 26 მაისს დააკავეს, როდესაც ის პიკეტს ატარებდა სოციალურ ქსელში “ვკონტაკტე” ჯგუფ “პოლიციის ომბუდსმენის” დამფუძნებლის დაკავების წინააღმდეგ. რუსეთის კანონების თანახმად, ერთკაციანი პიკეტი საპროტესტო აქციის ერთადერთი სახეობაა, რომელსაც შეთანხმება და ნებართვას არ სჭირდება.
მიუხედავად ამისა, 28 მაისს სასამართლომ აზარი დამნაშავედ ცნო მიტინგის წესების განმეორებით დარღვევაში და მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- რუსეთში გრძელდება ნადირობა ადამიანზე, რომელმაც „პუტინის განდევნას“ პირობა დადო
- ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსი ”ინტერნეტ ტროლი” პირველად დააკავეს
- „აზერბაიჯანში ცხოვრება – ჩემი უფლებაა“ – ყოფილი პატიმარი აფგან მუხთარლი JAMnews-ს საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბრა
ჟურნალისტები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პიკეტზე გამოვიდნენ, პოლიციამ ასევე დააპატიმრა მიტინგის ჩატარების წესების და “იზოლაციის რეჟიმის” დარღვევისთვის.
დაკავებულთა შორის არიან გამოცემა “მედიაზონას” მთავარი რედაქტორი სერგეი სმირნოვი, “ეხო მოსკვის” ჟურნალისტები ტატიანა ფელგენაუერი და ალექსანდრ პლენჩენკო და ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი.
პოლიციელმა “ნოვაია გაზეტას” კორესპონდენტს განუცხადა, რომ დღეს ნებისმიერი საზოგადოებრივი ღონისძიება უკანონოა, რადგან ისინი თვითიზოლაციის რეჟიმს არღვევს. დაკავებულთა ნაწილი მალე გაათავისუფლეს.
სანქტ-პეტერბურგში მსგავსი აქციის დროს 10 ადამიანი დააკავეს.
“ჟურნალისტის დაკავებით, ხელისუფლებამ დე ფაქტო ომი გამოუცხადა ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებს. ჩვენ არ შეგვიძლია ავარიდოთ თავი ამ გამოწვევას: არავინ აპირებს ნებაყოფლობით აღიაროს კრემლის (ხელისუფლების? ძალოვნების?) უფლება ციხეში ჩასვას ადამიანები მათი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის”, – წერს “ნოვაია გაზეტას” პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი კირილ მარტინოვი.