კადიროვი სავარაუდოდ კორონავირუსით დაავადდა, ის მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს
ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, კორონავირუსით სავარაუდო ინფიცირების გამო, მოსკოვში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ რუსული გამოცემა ნოვაია გაზეტა სააგენტო ინტერფაქსზე და ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით იუწყება.
”არსებობს ეჭვი, რომ კადიროვი კორონავირუსით არის დაავადებული, მასზე სამედიცინო ზედამხედველობა ხორციელდება,” – განუცხადა ინტრერფაქსს წყარომ მოსკოვის სამედიცინო წრეებიდან. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია.
ამავდროულად, ანონიმური ტელეგრამ-არხები ირწმუნებიან, რომ ჩეჩნეთის მეთაურის მდგომარეობა სერიოზულია.
”ჩეჩნეთის პრეზიდენტს ფილტვების 70%-ის დაზიანება აქვს, ამას ექიმები ანონიმურად ამბობენ. უპრეცედენტო მღელვარებაა მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში, სადაც ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე კორონავირუსით დაავადებულები მოჰყავთ. იმ თანამდებობის პირებს, რომელთა სწრაფად გამოწერა შეიძლება, კლინიკიდან სწრაფად უშვებენ, სხვები სასწრაფოდ სხვა პალატებში გადაჰყავთ, რათა ვიღაც “სუპერსტუმრისთვის” დიდი “დახურული სივრცე” გაათავისუფლონ. გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, ყველაფერი გასაიდუმლოებულია,” – წერს ტელეგრამ-არხი Fortanga ORG.
- “მიწა დააყარეთ, მოკვდეს”. კადიროვმა კარანტინის დამრღვევები ტერორისტებს გაუთანაბრა
- „37.5 მაქვს, რა გავაკეთო?“ – მოსკოვში, კორონავირუსის სამკურნალოდ – ფული და კავშირებია საჭირო
- „შეიყვარო კადიროვი“ – ჩეჩნეთის ლიდერს რუს ბლოგერებთან ერთად „იუმორისტულ“ ვიდეოებში იღებენ
მამანდე გამოცემა MBX Media– მ დაადგინა, რომ თვითმფრინავი საბორტე ნომრით VQ-BVQ, რომელსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტს უკავშირებენ, მოსკოვში ჩაფრინდა და ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, რასაც საიტი Flighware ადასტურებს. ამავდროულად, ჩეჩნეთის მეთაურის რაიმე ოფიციალური ვიზიტის შესახებ რუსეთის დედაქალაქში არაფერია ცნობილი.
ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსული ინფექციის 1026 შემთხვევა გამოვლენილი, 11 ადამიანი გარდაიცვალა.
რესპუბლიკა რუსეთის რეგიონებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მარტის ბოლოს თვითიზოლაციის რეჟიმი შემოიღო.
კორონავირუსით რამდენიმე რუსი მაღალი თანამდებობის პირია დაავადებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი.