რუხის საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს აფხაზეთიდანაც მიიღებს
28 მარტის 20:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 16 გამოჯანმრთელდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ 200-საწოლიან საავადმყოფოს, რომელიც ხელოვნური სუნთქვის 11 აპარატითაა აღჭურვილი, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ. მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასაც მოემსახურება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რუხის საავადმყოფოსთან არსებულ 92-ადგილიან საერთო საცხოვრებელს, რომელიც საავადმყოფოში მყოფი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის აშენდა, საკარანტინე ზონად გამოიყენებენ.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის,“ – აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.
ამ დროისთვის, აფხაზეთში, კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.
აფხაზურმა მხარემ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ენგურის გამშვები პუნქტი რამდენიმე კვირის წინ დაკეტა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- აფხაზეთი კორონავირუსს მოუმზადებელი ხვდება
- 15 კილომეტრი ბავშვებითა და ჯვრებით კორონავირუსის წინააღმდეგ – მარში აფხაზეთში, ვიდეო
სოფელი რუხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზუგდიდი-გალის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. საავადმყოფოს აშენებაზე 41 264 000 ლარი დაიხარჯა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს, ერთი თვით საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი მარნეული და ბოლნისი კარანტინის ზონად გამოცხადდა.