რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში გადაინაცვლეს, სადაც აქციას მართავენ
რიონის ხეობის მცველები, რომლებიც აქციის გაგრძელებას ჰესის მიმართულებით აპირებდნენ, პოლიციამ არ გაუშვა, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
რიონის ხეობაში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც გუშინ, 11 აპრილს, სოფელ ნამოხვანში, რიონის ხეობის მცველების კარვები პოლიციამ მდინარის ადიდების მიზეზით დაშალა. დღეს კი ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ტრაქტორებით გადახნა ის ტერიტორია, სადაც აქტივისტების კარვები იყო განთავსებული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია ერთ-ერთი აქტივისტის კერძო საკუთრებაა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” – მათი თქმით, ადგილი, სადაც 11 აპრილს შსს-მ “რიონის მცველების” კარვები დაშალა, 2019 წლიდან არა ერთ-ერთი აქტივისტის, არამედ მათი საკუთრებაა.
“რიონის ხეობის მცველის”, მაკა სულაძის მიმართვა პოლიციელებს. ვიდეო: “ბათუმელები”
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის და რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მისცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჰესის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილების საშუალება:
“მოთხოვნა არის დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილზე. დღესაც, ხელებაწეული ვიყავით – გვინდა რომ პოლიციამ გაგვატაროს საკუთარ მიწაზე. მათ ჩვენი შეფერხების კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ვცდილობთ ახსნა-განმარტების მიღებას პოლიციისგან თუ რატომ არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტებს გვეკრძალება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება.
აქ ვინმეს ძალადობა რომ უნდოდეს, ამას ეს ხალხი ისე გააკეთებდა, რომ არავის ნებართვა არ დასჭირდებოდა. ეს დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ჩვენი მოქმედებები არის მშვიდობიანი. ვითხოვთ რომ გაგვიშვით, ნუ აქვთ ბლოკირებული მთელი ხეობა.”
აქციის მონაწილეებმა ქუთაისისკენ, “ენკას” ოფისთან გადაინაცვლეს და აქციას იქ მართავენ.
ნამახვანის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც.
მინისტრის თქმით, ისინი შეხვდებიან ყველას, ვინც დაინტერესებულია ნამახვანჰესის პროექტის გაუმჯობესებაში.
“უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანიჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ”, – აცხადებს თურნავა.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შსს მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
_________________________________
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან
____________________________________
ოთხ თვეზე მეტია, მდინარე რიონის ხეობაში არ წყდება პროტესტი ნამახვანის ჰესის პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ENKA ახორციელებს.
2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონეთში კარვები გაშალეს. მათ ENKA– ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და ხეობიდან ტექნიკა გაეყვანა.
ელენე ასათიანის ეს ფილმი რიონის ხეობის მცველებზეა, თუ როგორ დაუკავშირეს მათ საკუთარი ცხოვრება ხეობის პროტესტს ჰესის წინააღმდეგ: