მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
ოთხ თვეზე მეტია, მდინარე რიონის ხეობაში არ წყდება პროტესტი ნამახვანის ჰესის პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ENKA ახორციელებს.
2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონეთში კარვები გაშალეს. მათ ENKA– ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და ხეობიდან ტექნიკა გაეყვანა.
ელენე ასათიანის ეს ფილმი რიონის ხეობის მცველებზეა, თუ როგორ დაუკავშირეს მათ საკუთარი ცხოვრება ხეობის პროტესტს ჰესის წინააღმდეგ:
პარალელურად აქტივისტები სასამართლოში ჩივიან და ცდილობენ თურქული კომპანიისთვის ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის ანულირებას.
თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური მაინც აშენდა, ის იქნება ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელ საქართველოში. საბჭოთა კავშირის დროს ასეთი პროექტი ენგურჰესი იყო.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარია და მაც თურქული კომპანია შპს „ენკა რინიუებლზ“ ააშენებს.
ჰესის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში იგეგმება.
ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს – ტვიში-ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომლის სიმაღლე 60 მეტრი იქნება და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 111 მეტრი იქნება. საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი. წლიური გამომუშავება 1500 გგვტ.სთ.
პროექტის მოწინააღმდეგეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ:
ჰიდროელექტროსადგური სრულად დატბორავს რიონის ხეობას და საფრთხეს შეუქმნის 18 სოფლის არსებობას.
”ეს არის სიკვდილის კაშხალი” – ასე უწოდებენ ადგილობრივები ამ პროექტს.
ერთი კაშხალი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქიდან, ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრის სავალზეა. გარემოს დამცველების გამოთვლით, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში, ქუთაისს 19 წუთში 34 მეტრის ტალღა გადაუვლის.
ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი გავლენა გარემოზე სათანადოდ კიდევ არ არის შესწავლილი და პოტენციურად ეს გავლენა შესაძლოა კრიტიკული იყოს.
გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში, რომელიც მოამზადა სააგენტო «Gamma Consulting», წერია, რომ მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელებას შეეწირება დიდი რაოდენობით სახნავ-სათესი მიწები, ხუთი სოფელი აღმოჩნდება წყალქვეშ და საერთო ჯამში სამასამდე ოჯახის გადასახლებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, ეკოლოგების მტკიცებით, პროექტს თან ახლავს სერიოზული სეისმური რისკები. ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ექსპერტების აზრით, ნამახვანი ვერ გაუძლებდა ხუთბალიან მიწისძვრასაც კი, მაშინ როცა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, რაჭაში, 1991 წელს 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.
გარდა იმისა, რომ ჰესი მთლიანად შეცვლის გარემოს რეგიონში, ის შეცვლის რეგიონის კულტურასაც – ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, მეღვინეობას.
პროექტის დიდი მხარდამჭერია ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “გაზვიადებულს” უწოდებს ეკოლოგების შიშებს.
თურნავამ ჰესის მშენებლობის ადგილას მიმდინარე სამუშაოები არაერთხელ მოინახულა და თქვა რომ „ეს მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, დიდი კონტრიბუცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ .