ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოსმა და რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
ცხინვალის ციხეში გაფრინდაშვილმა თვეზე მეტი გაატარა.
-
წინაისტორია
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება და გათავისუფლება
საქართველოს ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში, ახალგორთან 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალი აცხადებდა, რომ მან ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და ოსურ მხარეს გადავიდა. ის საზღვრის განზრახ დარღვევაში დაადანაშაულეს და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
დაკავების შემდეგ გაფრინდაშვილი არ აღიარებდა დანაშაულს და ცხინვალის ციხეში ყოფნის დროს აცხადებდა, რომ სახელმწიფო საზღვარი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა.
ცხინვალი გაფრინდაშვილის ამ ნაბიჯს პროვოკაციას და კარგად დაგეგმილ ქმედებას უწოდებდა.
9 ნოემბრის შემდეგ ექიმი ცხინვალის იზოლტორში იმყოფებოდა. 20 დეკემბერს ცხინვალის სასამართლომ მას ერთი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ექიმის გათავისუფლების საქმეში საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოება.
თბილისში პერმანენტულად იმართებოდა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები, სადაც ექიმის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქტივისტების აზრით, საქართველოს ხელისუფლება არასაკმარისს აკთებდა ექიმის ციხიდან გამოსახსნელად.
28 დეკემბერს გაფრინდაშვილი მოულოდნელად გაათავისუფლეს. ოსური სამთავრობო მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
ექიმი აცხადებს, რომ მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, რუსეთის სახელმწიფომ იძალადა, რადგან რუსეთი ახორციელებს კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
“რუსეთის ფედერაციასთან ყველა საკითხი გავლილია უკვე. ცხადია, იქიდან ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, რომ ჩვენ არ გვეხება ეს საკითხებიო. აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ჩემი პირადი, ეს არის საქართველოს ინტერესი. ჩემზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, მოხდა ძალადობა რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
გაფრინდაშვილს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ გაუწევს.
______________________________________________________________________________
- სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
- ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში 1 წლითა და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
______________________________________________________________________________