„ეს უდიდესი ტრაგედიაა, ადამიანები იღუპებიან“ - პუტინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია „როსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე, დაძაბულობის ესკალაციის შესახებ. მან ასევე კომენტარი გააკეთა კითხვაზე, მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩაურევლობის შესახებ.
• ფეხბურთელები – პირველი “უსახლკაროები” ყარაბაღის ახალ ომში
• ცხოვრება ფრონტის ხაზზე აზერბაიჯანში. ფოტორეპორტაჟი
• მოსაზრება: რასაფრთხეს ქმნის საქართველოსთვის ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია
JAMnews პუტინის ინტერვიუს სრულ ტექსტს აქვეყნებს:
„ეს ტრაგედიაა. ჩვენ ძალიან განვიცდით, იმიტომ რომ, აზერბაიჯანიც, სომხეთიცა და მთიანი ყარაბაღიც, ეს არის ტერიტორიები, სადაც ჩვენთვის უცნობი ადამიანები არ ცხოვრობენ. საკმარისია ვთქვათ, რომ რუსეთში, დაახლოებით, ორი მილიონი აზერბაიჯანელი და ჩვენი გამოთვლით, ორ მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს. რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა ინარჩუნებს ორივე რესპუბლიკასთან მჭიდრო მეგობრულ და ნათესაურ ურთიერთობასაც კი.
რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტრაგედიაა, ადამიანები იღუპებიან, ორივე მხარის დიდი დანაკარგი აქვს.
იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ეს კონფლიქტი შეწყდება. მაგრამ თუკი ის საბოლოოდ არ ამოიწურა და როგორც ჩანს, იქამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, მოვუწოდებთ მხარეებს და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ. და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს ეს.
როგორც ცნობილია, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების წევრია. ჩვენ სომხეთის წინაშე ამ შეთანხმების ფარგლებში, გარკვეული ვალდებულებები გაგვაჩნია. მაგრამ საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დრომდე გრძელდება, არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით, ვასრულებთ და მომავალშიც შევასრულებთ მათ.
როგორც იცით, მუდმივი სამუშაო კონტაქტი მაქვს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და არანაირი კითხვა სომხეთის ხელისუფლებას რუსეთის მიერ ნაკისრი სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით არ აქვს“.