ცხოვრება ფრონტის ხაზზე აზერბაიჯანში. ფოტორეპორტაჟი
აზერბაიჯანის ტერტერის რაიონში მთიანი ყარაბაღის გარშემო საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ინტენსიური საარტილერიო დაბომბვები დაიწყო. არიან დაღუპულები და დაჭრილები, ბევრი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ჟურნალისტები ფრონტისპირა ზონას ესტუმრნენ.
როგორც ადგილობრივი მოსახლეები ამბობენ, ისინი თითქმის 30 წლის განმავლობაში ომის პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ასეთი მძლავრი დაბომბვა აქ არასდროს ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ დაიღალნენ წლების განმავლობაში შიშში ცხოვრებით და იმედი აქვთ, რომ დაპირისპირება მალე დასრულდება.
27 სექტემბრიდან მთიანი ყარაბაღის გარშემო და აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, სომხური ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ქალაქ ტერტერში და მიმდებარე სოფლებში დარჩენა საშიში გახდა, აქაურები ცდილობენ ოჯახები სხვა რაიონებში, ნათესავებთან გახიზნონ.
63 წლის კამილ გულიევი, ტერტერის რაიონის სოფელ ალესკერლის მკვიდრი, ღამით მეზობელი რაიონის ცენტრში, ქალაქ ბარდაში, თავშესაფრად გადაკეთებულ ჩაიხანაში რჩება.
დღისით კი თავის სოფელში მიდის, რომ პირუტყვს აჭამოს და ქათმები გამოუშვას. მაგრამ იქ დიდხანს არ რჩება – ღამით სროლა უფრო მძაფრდება.