პრეზერვატივების მწარმოებელმა "აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო
პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანია “აიისამ” სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
სამი წლის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისა” 500 ლარით იმის გამო დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება იმის გამო აუკრძალა, რომ მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა.
ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და კომპანიის დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).
მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს სკანდალურად ცნობილმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
“სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითრეალიზაციისთვის”, – წერია გადაწყვეტილებაში.
ამას გარდა, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოყენებული დიზაინის აკრძალვა არ ექვემდებარებოდა ევროპული კონვენციას, რადგან ამ შეფუთვით საფრთხის წინაშე არ დგებოდა საზოგადოებრივი საჭიროებები.
ევროპული სასამართლო ეხმაურება ლევან მუსერიძის გადაწყვეტილებასაც:
“სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეთიკაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების შეხედულება უპირატესია კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა ღირებულებებზე.
პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისინი, ვინც სარგებლობენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით, უნდა შეეგუონ და მიიღონ სხვების უფლება, გააკრიტიკონ ან მტრულად იყვნენ განწყობილნი მათი რწმენის მიმართ.”
___________________________________________________
● აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მოსამართლეების დანიშვნის გამო შეშფოთებულია
● ევროკომისია: მოსამართლეების დანიშვნამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
___________________________________________________
“აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ გამარჯვებას ელოდა.
“იმ ქვეყანაში სადაც საპატრიარქო და სახელმწიფო მკვლელია, დასდევს მედიას, ლგბტ თემს, მდია მეც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რადიკალურად ცუდ ფონზე ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გარანტიის დამცველია”, – განმარტავს გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, კომპანიას კონკრეტული გეგემები აქვს, რომლის აღსრულებასაც, დიდი ხანია, ელოდება:
“რა მიხარია? ჭეშმარიტება რაც არის, ის დადგინდა. ჩვენ ვართ ძაან უკან, თორე ის კი არა, რომ რამე კაი მოხდა.”