აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მოსამართლეების დანიშვნის გამო შეშფოთებულია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო და ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
მოსამართლეების დანიშვნას ტვიტერზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.
“აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმები კრიტიკულია საქართველოს წარმატებისთვის”, – წერს ბლინკენი.
საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, შეეჩერებინათ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ მაინც გაამწესა.
ეს გადაწყვეტილება არღვევს შარლ მიშელის 19 აპრილის ხელმოწერილ დოკუმენტსაც, რომელშიც წერია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
რა წერია სახდეპის განცხადებაში
გარდა იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია მოსამართლეების დანიშვნებით, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება და გაატაროს გამჭვირვალე, ინკლუზიური სასამართლო რეფორმები, რადგან “ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით.”
მათივე განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
“ამასთან, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობამ შეიძლება, ინვესტორთა ნდობა შეასუსტოს და საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა შეამციროს”, – წერია განცხადებაში.
__________________________________________________
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
● ევროკომისია: მოსამართლეების დანიშვნამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
___________________________________________________
არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლებას ექვემდებარება და მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.
“სასამართლო კლანი” მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, კლანი ახშობს კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე, როგორც იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 26 მაისს გამართულმა კონფერენციამაც, სადაც მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენცია აქციის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კონფერენციას მაშინაც წინ უძღოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატების და ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკა, რომელმაც საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი “კლანის მიერ თადარიგის დაჭერად” შეაფასა და განაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში ე.წ. კლანის გავლენები გაძლიერდება. არამოსამართლე წევრის აზრით, თუკი პროცესი არ შეჩერდება, კლანს ექნება სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ მოსამართლეები დაბრკოლებების გარეშე დანიშნოს.