POLITICO: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას
POLITICO პარტიების აკრძალვაზე
გავლენიანი ამერიკული გამოცემა POLITICO აქვეყნებს სტატიას, რომელშიც წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, “ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას” და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ოპოზიციის აკრძალვა” საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, “მთლიანად” ბოლოს მოუღებს.
POLITICOjam წერს, რომ კომენტარისთვის ევროპულ კომისიას მიმართეს, რამდენადაც კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის გეგმები საქართველოს ევროკავშირისკენ გზად არ ეღობება, თუმცა მათ კომისიიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
გამოცემა ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ზომები უკრაინასა და მოლდოვაშიც არის მიღებული და ამას მათსა და დასავლეთს შორის გადებული ხიდებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
“აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ხსენებულ ქვეყანაში კონკრეტულად პრორუსული ფრაქციები აკრძალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან გადატრიალების მოწყობის გეგმებზე არსებული გაფრთხილებების ფონზე. ორივე ქვეყანამ შეინარჩუნა ძლიერი, ცოცხალი მრავალპარტიული სისტემა“
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირს ამ დროისთვის ისედაც შეჩერებული აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დაღმასვლის გამო და ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმაც შეაჩერა დაფინანსება საქართველოს კრემლისკენ გადახრის მიზეზით.
“ეს გააუქმებს მთელ ოპოზიციას, რომელშიც “ქართული ოცნება“ საფრთხეს ხედავს. პარალელის გავლება მხოლოდ ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეიძლება და ჩრდილოეთ კორეასთან. ეს იქნება ქართული დემოკრატიის დასასრული.“ — ამბობს თინათინ ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, “რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს მმართველი პარტია ქართული ოცნება, მკაფიო ჩამონათვალით უპასუხა: ენმ, ახალი, გირჩი, დროა, ლელო და გახარია საქართველოსთვის.