საქართველო ოპოზიციის გარეშე? როგორ მივიდა „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელამდე
პარტიების აკრძალვა

„ქართული ოცნება“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. მათგან ოთხი ის ოპოზიციური ძალაა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა. ცესკოს ოფიციალური, ოპოზიციის მიერ არაღიარებული შედეგებით, ამ ოთხ პარტიას ჯამში 784 820 ამომრჩეველმა მისცა ხმა – არჩევნებში მონაწილეთა 37.79 პროცენტმა. რა სამართლებრივი საფუძვლებით ითხოვს ხელისუფლება ხუთი პარტიის აკრძალვას, რას ნიშნავს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, როგორ იცვლებოდა ასაკრძალი პარტიების სია და რა პირობებში უშვებს ევროპული სამართალი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას – JAMnews-მა „ქართული ოცნების“ სარჩელი, კანონმდებლობა და ევროპული პრაქტიკა შეისწავლა.
“ქართული ოცნების” უახლესი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 24 სექტემბერს №1979 ნომრით დარეგისტრირდა.
ასაკრძალთა სიაში არიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
5 ოქტომბრის მდგომარეობით, სასამართლოს ჯერ არ გამოუქვეყნებია მისი არსებითად განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილება და არც სხდომის თარიღია დანიშნული.
საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს, მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილია. კანონით, საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან ცხრა თვეში – არაუგვიანეს 2027 წლის 24 ივნისისა უნდა გამოცხადდეს.
▇ თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, პოლიტიკური სისტემიდან შეიძლება გაქრეს ყველა ოპოზიციური ძალა, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა.
მოქმედი კანონმდებლობა ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს სასამართლოსგან მოითხოვოს უკვე აკრძალული პარტიის „მემკვიდრე“ პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვაც.
ბიძინა ივანიშვილის იდეა

პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მოულოდნელად გაჩენილი იდეა არ არის. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯაროდ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ „მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს“ გამოუტანდა.
▇ ანუ ოპოზიციის აკრძალვის იდეა არჩევნების შემდეგ არ გაჩენილა. ის თავად არჩევნების კამპანიის ნაწილი იყო.
„არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი.“
ივანიშვილმა იქვე განმარტა, რატომ არ მოხდა, მისი აზრით, ეს 2012 წელს – მაშინ ხელისუფლებას ამისთვის საკმარისი რესურსი არ ჰქონდა:
„ამ წლების განმავლობაში კი ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ…“
არჩევნებამდე თითქმის ექვსი თვით ადრე გაკეთებული განცხადება თანდათან კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმად იქცა. აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ღიად გამოაცხადა, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის სჭირდებოდა. ეს გეგმა ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშშიც მოხვდა.
ევროკავშირის მაშინდელმა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კი ოქტომბერში, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ შემაშფოთებელ მოვლენად დაასახელა.
ორი წლის შემდეგ წინასაარჩევნო დაპირება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელად იქცა – „ქართული ოცნება“ უკვე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
სამი სარჩელი, სამი სია – როგორ გაიზარდა ასაკრძალი პარტიების რაოდენობა
პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადში სამჯერ შეიცვალა.
პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა №1912 ნომრით. მას ხელს პარლამენტის 88 წევრი აწერდა და სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვდა:
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებისთვის“
- „ძლიერი საქართველო – ლელო“
მანამდე, 21 აპრილს, პარლამენტის უკვე 89 წევრმა სასამართლოში ახალი, №1958 სარჩელი შეიტანა. სამ პარტიას მეოთხე – „ფედერალისტები“ – დაემატა.
2026 წლის სექტემბერში სია კიდევ ერთხელ შეიცვალა.
24 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ №1979 სარჩელი დაარეგისტრირა. მას 88 დეპუტატი აწერს ხელს და ამჯერად ხელისუფლება უკვე ხუთი პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სიას დაემატა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი საქმის გადასაწყვეტად მაქსიმუმ ცხრა თვეს აძლევს. ამიტომ ყოველი ახალი სარჩელი პოლიტიკურ დავას იწვევს იმის შესახებ, თავიდან იწყება თუ არა ვადის ათვლა. მოქმედ კანონში წერია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან ცხრა თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
სარჩელის ავტორები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პროცესს იანვრისთვის დაასრულებს – ანუ სწორედ ამ დროისთვის ხუთივე პარტია აკრძალული იქნება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ ახალი პარტიების დამატებით, პირიქით, ვადას ახანგრძლივებს და პროცესს წელავს.
რის საფუძველზე შეიძლება პარტიის აკრძალვა
საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის კონკრეტულ საფუძვლებს ადგენს.
დაუშვებელია პარტია, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ასევე პარტია, რომელიც ომის ან ძალადობის პროპაგანდას ეწევა ან ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს აღვივებს.
პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.
„ქართული ოცნების“ სარჩელი ამ კონსტიტუციურ საფუძვლებს ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ ჩამოთვლილი პარტიების საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
არგუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას.
სარჩელში ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია ოპოზიციური პარტიების მიერ 2024 წლის არჩევნების, პარლამენტისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარება.
მოსარჩელეები ოპოზიციური პარტიების ქმედებებს ასევე უკავშირებენ „საბოტაჟს“, უცხოეთში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას, ქვეყნის „დასჯის“ მცდელობას და სხვა ქმედებებს.
▇ “საბოტაჟად” არის შეფასებული მაგალითად ის ფაქტი, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და “ქართულ ოცნებას” არალეგიტიმურ ხელისუფლებად მიიჩნევს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის სიაში დამატებასაც ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხით ხსნის.
მისი თქმით, პარტია პარლამენტში შევიდა, თუმცა ხელისუფლების შეფასებით, კვლავ არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებასა და მთავრობის ლეგიტიმურობას.
„მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ სხვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.“
რატომ ეს პარტიები და არა სხვები?
პარტიების აკრძალვის მიზეზად სარჩელში პირდაპირ არის დასახელებული მათი პოლიტიკური გავლენა. ნახსაენებია სხვა ოპოზიციური პარტიები, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია, რომელიც არ არის ასაკრძალთა სიაში და ნათქვამია, რომ:
„მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.“
-
მოკლედ ხუთი ასაკრძალი პარტიის შესახებ:
ერთ სიაში მოქცეული პოლიტიკური ძალები ერთნაირი წარმოშობის, ისტორიისა და იდეოლოგიის პარტიები არ არიან.
ზოგი მათგანი მართლაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოჯახისგან წარმოიშვა. ზოგი ცდილობდა სწორედ ენმ-ის და „ქართულ ოცნებას“ შორის დამოუკიდებელი სივრცის დაკავებას. გახარიას პარტიის პოლიტიკური ბირთვი კი თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მოდის.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხუთეულში ყველაზე ძველი პარტიაა და ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება აქვს – 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მმართველი პარტია.
2024 წლის არჩევნებში ენმ-მა ოფიციალურად 211 216 ხმა – 10.17 პროცენტი მიიღო.
წლებია ამ პარტიას ლიდერის კრიზისი აქვს. დღეს იგი გარდამავალ მმართველობის რეჟიმშია. 2026 წლის აგვისტოში ყრილობამ დროებითი მმართველი საბჭო შექმნა და მის ხელმძღვანელად ირაკლი ფავლენიშვილი აირჩია. მუდმივი თავმჯდომარის არჩევა მოგვიანებით უნდა მოხდეს.
პარტიაში გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებ პირად კვლავ მიხეილ სააკაშვილი რჩება, რომელიც ხუთი წელია უკვე პატიმრობაშია.
ენმ საქართველოს მკვეთრად პროევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალად პოზიციონირებს. მისი ისტორიული ბირთვი სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური მემკვიდრეობაა. სწორედ ენმ-ის 2004-2012 წლების მმართველობაა „ქართული ოცნების“ სარჩელისა და წულუკიანის კომისიის ბრალდებების დიდი ნაწილის მთავარი სამიზნე.
“კოალიცია ცვლილებისთვის“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ 2024 წლის არჩევნების წინ შეიქმნა და რამდენიმე განსხვავებული ძალა გააერთიანა.
კოალიცხიაში შევიდნენ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას „ახალი“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და ელენე ხოშტარიას „დროა“. „ახალი“ პროევროპული მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური პარტიაა, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ უფრო მკაფიოდ მემარჯვენე-ლიბერტარიანულ ეკონომიკურ პლატფორმაზე დგას, „დროას“ კი ლიბერალური და აქტივისტური პროფილი აქვს.
კოალიციამ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციურ ძალებს შორის ყველაზე მეტი ოფიციალური ხმა მიიღო – 229 161, ანუ 11.03 პროცენტი.
მისი ლიდერების ბირთვი წარსულში ენმ-ს უკავშირდებოდა – კოალიცია სხვადასხვა პერიოდში გამოყოფილი და დამოუკიდებლად შექმნილი პარტიების გაერთიანებაა.
“ძლიერი საქართველო – ლელო“
„ძლიერი საქართველოს“ მთავარი პოლიტიკური ბირთვი „ლელოა“, რომელიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წელს შექმნეს. ორივე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა.
2024 წელს „ლელოს“ გარშემო უფრო ფართო კოალიცია შეიქმნა. მას შეუერთდნენ ანა დოლიძის „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“. კოალიცია ცდილობდა საკუთარი თავი როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე ყოფილი მმართველი ენმ-ისგან დამოუკიდებელ ალტერნატივად წარმოეჩინა.
ამ პარტიის პოლიტიკური პროფილი პროევროპული და ცენტრისტულ-ლიბერალურია. ეკონომიკური განვითარება, ინსტიტუციური რეფორმები და დასავლური ინტეგრაცია „ლელოს“ პროგრამებში მუდმივი თემებია.
2024 წელს „ძლიერმა საქართველომ“ ოფიციალურად 182 922 ხმა – 8.81 პროცენტი მიიღო.
“გახარია საქართველოსთვის“
გიორგი გახარიას პარტია ამ ხუთეულში პოლიტიკური წარმოშობით ყველაზე მკვეთრად განსხვავებული შემთხვევაა.
გახარია სააკაშვილის ხელისუფლების წევრი არ ყოფილა. პირიქით, იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ბოლოს პრემიერ-მინისტრი იყო.
2021 წლის თებერვალში მან პრემიერის პოსტი დატოვა, ხოლო 29 მაისს ახალი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.
პარტია თავიდან ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც ალტერნატივა ერთდროულად „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ისთვის. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მან უკვე 7.79 პროცენტი მიიღო.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 161 521 ხმა – 7.78 პროცენტი მიიღო.
გახარიას შემთხვევა აჩვენებს, რამდენად ფართოდ იყენებს „ქართული ოცნება“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ცნებას: დღეს ამ კატეგორიაში ხვდება პოლიტიკური ძალაც, რომლის ლიდერი თავად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო.
ფედერალისტები
„ფედერალისტები“ ხუთეულში ყველაზე ახალი პარტიაა.
იგი 2024 წლის აგვისტოში გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და მათმა თანამოაზრეებმა „ევროპული საქართველოს“ დატოვების შემდეგ შექმნეს. პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიაა, თბილისის ორგანიზაციას კი თამარ ჩერგოლეიშვილი ხელმძღვანელობს.
პარტია საკუთარ საფუძვლად ინდივიდუალურ თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, ევროპულ განვითარებას, თავისუფალ კონკურენციას, დეცენტრალიზაციასა და ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ასახელებს. პოლიტიკური პროფილით იგი პროევროპული, ლიბერალური და ეკონომიკურ საკითხებში უფრო მემარჯვენე ძალაა.
„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდნენ.
ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის ჯგუფს მიხეილ სააკაშვილთან და დღევანდელ ენმ-თან ხანგრძლივი პოლიტიკური კონფლიქტი აქვს.
იქვე ნათქვამია, რომ ასეთი პარტიების არაკონსტიტუციურობის საკითხი მომავალში შეიძლება დადგეს, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
თავდაპირველად „ფედერალისტებიც” იმ პარტიების რიგში აღმოჩნდნენ, რომლებსაც “საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნდათ”.

თუმცა, 2026 წლის მარტში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსი“ შექმნა, მათ შორის იყვნენ “ფედერალისტებიც”. აპრილში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე „ფედერალისტების“ აკრძალვაც მოითხოვა.
▇ ამგვარად, სარჩელის ტექსტის მიხედვით, პარტიის პოლიტიკური გავლენა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელსაც თავად მოსარჩელეები ასაკრძალი პარტიების შერჩევისას ითვალისწინებენ.
როგორ იქცა ხელისუფლების ყველა ოპონენტი „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ არც პარტიაა და არც სამართლებრივად არსებული პოლიტიკური გაერთიანება. ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტერმინია, რომლითაც ხელისუფლება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალას ერთ პოლიტიკურ ბანაკად აერთიანებს უკვე მრავალი წელია და ოპონენტებისგან ამგვარად “მტრის ხატს” ქმნის.
წლების განმავლობაში ამ კატეგორიის საზღვრები თანდათან გაფართოვდა. მასში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები, არამედ ძალებიც, რომლებიც საკუთარ თავს ენმ-ისა და „ქართული ოცნების“ ალტერნატივად წარმოადგენდნენ. მათ შორის – მამუკა ხაზარაძის „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია, რომლის ლიდერი თავად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო.
შემდეგ ტერმინი კიდევ უფრო გაფართოვდა. ირაკლი კობახიძემ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაც მოიხსენია:
„ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა… აქ შედის ყველა რადიკალური ოპოზიციური პარტია, ყველა ეს რადიკალური ენჯეო, მათი რადიკალური მედიასაშუალებები,“ – ამბობდა კობახიძე.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი ვერსიით, ამ ძალებს შორის პოლიტიკური განსხვავებები არსებითი არ არის. მმართველი პარტია მათ ერთი, უცხოეთიდან მართული ქსელის სხვადასხვა ნაწილად წარმოაჩენს. სწორედ ამ ლოგიკით ხვდება „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიის, ლიდერებისა და პოლიტიკური პლატფორმის მქონე პარტიები.
ამ რიტორიკას თანდათან კონკრეტული პოლიტიკური მიზანიც დაემატა. 2024 წელს კობახიძემ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ომისშემდგომ გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების აკრძალვას შეადარა. ერთი წლის შემდეგ კი უკვე ამბობდა:
„ეს კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულ განადგურებამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.“
დღეს ეს კონცეფცია მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა აღარ არის. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან უკვე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ამ სიაში ერთად აღმოჩნდნენ როგორც ენმ და მისგან სხვადასხვა დროს გამოყოფილი პოლიტიკოსების პარტიები, ისე „ლელო“, „ფედერალისტები“ და ყოფილი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.
რას ნიშნავს ხუთი პარტიის აკრძალვის მცდელობა – შეფასებები
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ სარჩელს არა ცალკე სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის უფრო ფართო პროცესის ნაწილად განიხილავენ.
მათი მთავარი არგუმენტია, რომ ხელისუფლება სასამართლოს გზით ცდილობს პოლიტიკური ველიდან იმ ძალების ჩამოშორებას, რომლებიც არჩევნებში მის კონკურენტებად რჩებიან.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს – ასაკრძალი პარტიების სია რამდენჯერმე შეიცვალა და ყოველი ახალი სარჩელის შეტანით საქმის განხილვის ცხრათვიანი ვადა თავიდან დაიწყო.
მისი შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება ერთდროულად ინარჩუნებს პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას და გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი გიგა ლემონჯავა პარტიების აკრძალვას ავტორიტარული პოლიტიკის ახალ საფეხურად მიიჩნევს. მისი თქმით, პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტა მხოლოდ პარტიის სამართლებრივი რეგისტრაციის გაუქმებით შეუძლებელია.
მსგავსი პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ოპოზიციას მოუწოდებს, მთლიანად პარტიების სამართლებრივი სტატუსის საკითხზე არ გადაერთოს:
„ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით! ქვეყანა აკრძალეს!“
მისი გზავნილის არსია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა ოპოზიციას ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგზე დამოკიდებულს გახდის, პოლიტიკური წინააღმდეგობა კი პარტიის რეგისტრაციაზე არ უნდა იყოს მიბმული.
განსხვავებული პოლიტიკური ისტორიის გამო განსაკუთრებით საყურადღებოა გახარიას პარტიის შემთხვევა. „საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობდა, მოგვიანებით პარლამენტშიც შევიდა და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ ბრძოლას არ უჭერს მხარს. პარტიის დეპუტატი გიორგი შარაშიძე სწორედ ამიტომ კითხულობს, როგორ უკავშირდება მათ საქმიანობას სარჩელის მთავარი კონსტიტუციური საფუძვლები:
„არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ, ძალადობრივ მოწოდებაზე საუბრობენ, სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებაზე საუბრობენ და ჩვენ რა შუაში ვართ ამასთან?… პარლამენტშიც შევედით.“
გიორგი გახარია კი საკუთარი პარტიის დამატებას უფრო ფართო პროცესის ნაწილად განიხილავს. მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს აღარ დატოვოს ინსტიტუციურ პოლიტიკაში მოქმედი კრიტიკული ოპოზიცია:
„მიუხედავად იმისა, აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღსადგენად და მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის დასაცავად.“
„ფედერალისტების“ შემთხვევა სხვა წინააღმდეგობას აჩენს. პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა. მისი ლიდერები წარსულში სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდში იყვნენ, თუმცა წლებია ენმ-სა და თავად სააკაშვილთან მწვავე კონფლიქტი აქვთ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მათაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად განიხილავს.
თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კონკურენტის აკრძალვა მისთვის მიუღებელია იმის მიუხედავად, რა დამოკიდებულება აქვს თავად ამ კონკურენტთან:
„რასაკვირველია, ჩვენ ყველა სხვა პარტიას კონკურენტად აღვიქვამთ, მაგრამ კონკურენტების დამარცხება თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში გვინდა და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად.“
„ქართული ოცნება“ პროცესს სრულიად განსხვავებულად ხსნის.
ხელისუფლების ვერსიით, საქმე პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებას კი არა, დემოკრატიული სისტემის დაცვას ეხება. მმართველი პარტიის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ გარეგნულად განსხვავებული ოპოზიციური პარტიები სინამდვილეში ერთი პოლიტიკური ქსელის ნაწილებია. მისი ვერსიით, მათი დაყოფა „რადიკალურ“, „ნახევრად რადიკალურ“ და შედარებით „კონსტრუქციულ“ ძალებად ხელოვნურია და საერთო პოლიტიკური ცენტრის მიერ სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად გამოიყენება.
ამავე ლოგიკას მიჰყვება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩეველს „უცხოური აგენტურის განეიტრალება“ დაჰპირდა და ახლა ამ დაპირებას ასრულებს:
„ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ.“
კობახიძე პარტიების აკრძალვის საკითხსაც ამ ფართო პროცესს უკავშირებს და ამბობს:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეესატყვისება სახელმწიფოებრივ ინტერესებს.“
როდის შეიძლება დემოკრატიამ პარტია აკრძალოს
ევროპაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტი არსებობს, თუმცა ეს უკიდურეს ზომად ითვლება და სრულიად განსხვავებული კონტექსტია, ვიდრე საქართველოში. ხუთი პარტიის ერთდროულად აკრძალვა კი საერთოდაც უპრეცედენტო მოვლენაა.
ვენეციის კომისიის სტანდარტით, პარტიის დაშლა შეიძლება გამართლდეს, თუ ის ძალადობას იყენებს ან მხარს უჭერს დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დასამხობად. პოლიტიკური სისტემის ან კონსტიტუციის შეცვლის მშვიდობიანი მოთხოვნა თავისთავად აკრძალვის საფუძველი არ არის.
▇ ევროპული პრაქტიკისთვის გადამწყვეტია არა ის, რამდენად რადიკალურია პარტიის პოზიცია, არამედ წარმოადგენს თუ არა მისი მიზნები და მოქმედებები დემოკრატიული წესრიგისთვის რეალურ საფრთხეს და არსებობს თუ არა ამის საკმარისი მტკიცებულება.
ევროპული პრაქტიკაც მაღალ ზღვარს ადგენს. ესპანეთში Batasuna-ს აკრძალვა ETA-ს ტერორისტულ ორგანიზაციასთან დადასტურებული კავშირის შემდეგ მოხდა. თურქეთში Refah Partisi-ის საქმეში სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ამ პარტიას თეოკრატიული სისტემის დამყარების მიზანი ჰქონდა და ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ განცხადებებს აკეთებდა.
გერმანიაში კი 2017 წელს სასამართლომ NPD არ აკრძალა მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მიზნები დემოკრატიულ წესრიგთან შეუთავსებლად მიიჩნია. სასამართლოს შეფასებით, პარტიას ამ მიზნების განხორციელების რეალური შესაძლებლობა არ ჰქონდა.
რას ამბობს ევროპა საქართველოს შემთხვევაზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით მკვეთრია.
ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებამდე PACE-ის სადამკვირვებლო დელეგაცია აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ მოწოდებები ოპოზიციის აკრძალვის შესახებ პოლიტიკურ პლურალიზმს ემუქრებოდა.
2025 წელს PACE-მ უკვე დაგეგმილი აკრძალვის სამიზნე „პრაქტიკულად მთელი მოქმედი დემოკრატიული ოპოზიცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიულ სისტემას შექმნიდა.
2026 წლის ივნისში ასამბლეის ფორმულირება კიდევ უფრო მკაფიო გახდა.
PACE-ის №2664 რეზოლუციაში წერია, რომ „პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის“ აკრძალვის ინიციატივა მიუღებელია და მისი განხორციელება საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას შექმნის, რაც ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება. ასამბლეამ ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშიც საქართველოში „სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეს ქმნის. ანგარიშში ასევე წერია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მმართველი პარტიის კონტროლი ეფექტურად არის კონცენტრირებული.
თუ სასამართლო პარტიებს აკრძალავს
ხუთი პარტიის აკრძალვის შესაძლო შედეგი მხოლოდ მათი სახელებისა და რეგისტრაციის გაუქმება არ არის. სასწორზე დევს, როგორი პოლიტიკური კონკურენცია დარჩება საქართველოში 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, პოლიტიკური ველიდან შეიძლება გაქრეს ყველა ოპოზიციური ძალა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა. ცესკოს ოფიციალური შედეგებით, მათ ჯამში თითქმის 800 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებელს ხდის შეზღუდვები შეეხოს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ მათთან დაკავშირებულ ადამიანებსაც. სასამართლოს შეუძლია მათ აუკრძალოს პარტიის შექმნა ან წევრობა, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. შესაძლებელია არჩეული წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტაც.
ახალი სახელით დაბრუნებაც ავტომატური გამოსავალი ვერ იქნება. კანონში უკვე არსებობს „მემკვიდრე პარტიის“ მექანიზმი: თუ ახალი პოლიტიკური ძალის მიზანი, საქმიანობა ან შემადგენლობა არსებითად გაიმეორებს აკრძალული პარტიისას, სასამართლოს მისი აკრძალვაც შეუძლია. ასეთი საქმის გადასაწყვეტად მაქსიმუმ 14 დღეა გათვალისწინებული.
▇ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” სცენარით, ფაქტობრივად, საქართველო უნდა დარჩეს პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე.
ეს პროცესი იზოლირებულად არ მიმდინარეობს. ბოლო წლებში ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებმაც მკვეთრად გაამკაცრა უცხოური დაფინანსების, გრანტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის სამართლებრივი გარემო.
პარალელურად, გრძელდება ანტისამთავრობო პროტესტი, ხოლო პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის უკიდურესად მწვავეა.
2028 წელი ამ პროცესის პოლიტიკური მნიშვნელობის გასაგებად საკვანძო თარიღია. თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და მოქმედი შეზღუდვები ძალაში დარჩება, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა შეიძლება მივიდეს გარემოში, სადაც 2024 წლის ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა სამართლებრივად აღარ იარსებებს, მათი შესაძლო მემკვიდრე პარტიებისთვის კი სწრაფი აკრძალვის მექანიზმი უკვე შექმნილია.